პირველადი შედეგებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის რამდენიმე გადამწყვეტ შტატში ლიდერობს
პირველადი შედეგებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის რამდენიმე გადამწყვეტ შტატში ლიდერობს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე გადამწყვეტ შტატში ლიდერობს, კერძოდ, ფლორიდაში (ამომრჩეველთა კოლეგიის 29 ხმა), ჯორჯიაში (16 ხმა), ტეხასში (38 ხმა), ოჰაიოში (18 ხმა), მიჩიგანში (16 ხმა), ასევე უისკონსინში (10 ხმა). შესაბამის პროგნოზს „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

რაც შეეხება, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯო ბაიდენი ლიდერობს პენსილვანიასა (20 ხმა) და ჩრდილოეთ კაროლინაში (15 ხმა).

აღნიშნულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საარჩევნო კოლეგიაში ხმათა ბალანსზე მნიშვნელოვნად აისახება.

„ფოქს ნიუსის“ მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმარჯვებს ალაბამაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, მისისპიში, კენტუკიში, ინდიანაში, დასავლეთ ვირჯინიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ დაკოტაში. ხოლო მისი დემოკრატი მეტოქე, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი – ილინოისში, ვირჯინიაში, მერილენდში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-ჰემფშირში, როდ-აილენდში, კონექტიკუტში, დელავერში, მასაჩუსეტში, კოლორადოში, ნიუიოკრსა და კოლუმბიის ოლქში.

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში ხმის მიცემის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. ყველაზე ბოლოს საარჩევნო უბნები ალიასკაზე დაიხურება.