პირებს, რომელთა იზოლაციის ვადა 7-8 დღე იყო, სამსახურში საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ
ინფიცირებულებს, რომელთა იზოლაციის ვადა მხოლოდ 7-8 დღე იყო, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად სწრაფი ან „პისიარ“-ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR-ტესტის დადებითი პასუხი. აღნიშნული ცნობის მიღება პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება), ცნობის ამობეჭდვა, ასევე, შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის, შრომისუუნარობის ვადად რვა კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი – შვიდი.
გამონაკლისს წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები. ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან, არ აღემატება შვიდ კალენდარულ დღეს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცვლილება უკვე ამოქმედდა და ნებისმიერ კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეხება.