პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს
პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის მუხლით ბრალდებულის, მზია დოლბაძის ადვოკატი დალი ბარბაქაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ მას საქმის მასალები უკვე გადასცა.
ადვოკატის თქმით, მასალების მიხედვით, რუსეთის მოქალაქე მზია დოლბაძემ დიმიტრი ანდრეევს „ფეისბუქით“ გაუგზავნა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
მზია დოლბაძის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფს სავალდებულო წესით იცავს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მზია დოლბაძე საქართველოში არ იმყოფება, არის რუსეთის მოქალაქე და იქ ცხოვრობს.
„მასთან კონტაქტი არ მქონია, ვინაიდან არც გამოძიებასთან და არც ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. არ თანამშრომლობს. ის ექვემდებარება სავალდებულო დაცვას. მტკიცებულებები საკმაოდ მრავალია, რადგან სხვა პირების მიმართ, რომელთაც ბრალი უკვე წარედგინათ, მათთან არის გაერთიანებული საქმეც და შესაბამისად, დაემატა ეს ორი ბრალდებული ეპიზოდი. გავეცანი საქმის მასალებს, მაგრამ ჩვენთვის უცნობია მზია დოლბაძის პოზიცია. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმის მასალების მიხედვით, მან მოიპოვა ეს კადრები და შემდგომში გადაუგზავნა დიმიტრი ანდრეევს. როგორც ჩანს, დიდი ხნის ნაცნობობა ჰქონდათ და ჰქონდათ მიმოწერები, საიდან იცნობდნენ, არ ვიცი და არც ის ჩანს, საიდან აქვს ეს კადრები, მაგრამ ფაქტია, ამ მასალებიდან ჩანს, მან გაუგზავნა“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულის ადვოკატს მასთან დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვარში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან.