პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე დებიუტანტი ქვეყანა გამოვა
2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშები სადებიუტო კოსოვოს, ეკვადორის, ერიტრეას, მალაიზიას, ნიგერიის და სინგაპურის სპორტსმენებისთვის იქნება.
კოსოვოს ოლიმპიურ კომიტეტს სულ ექვსი წლის ისტორია აქვს – 2012 წელს დაფუძნდა, ორი წლის შემდეგ კი, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო. რიო-2016 კოსოვოსთვის პირველი დამოუკიდებელი ოლიმპიური სტარტი იყო, რომელიც წარმატებული გამოდგა: მაჯლინდა კელმენდიმ ძიუდოისტ ქალთა ტურნირი მოიგო და თავის ქვეყანას ისტორიული ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა.
პიონჩანგში ერთადერთი კოსოვოელი სპორტსმენი სამთო მოთხილამურე ალბინ ტაჰირი გამოვა.
პიონჩანგში ეკვადორის სახელით თხილამურებით რბოლაში კლაუს როდრიგესი იასპარეზებს, ერიტრეას სამთო-მოთხილამურე შენონ-ოგბანი აბედა, სინგაპურს შეინ გოჰი (შორტ-ტრეკი) წარადგენს. მალაიზიას ორი სპორტსმენი ეყოლება – სამთო-მოთხილამურე ჯეფრი ვები და ფიგურულად მოციგურავე ჯულიან იეი.
ნიგერიიდან ოლიმპიადის საგზური ბობსლეისტ ქალთა წყვილმა მოიპოვა. კოსოვოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნებში ოლიმპიური კომიტეტები საკმაოდ ადრე დაფუძნდა, თუმცა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ასევე პირველად მონაწილეობენ.