პილოტი თემურ თოლომაშვილი - 35 წელია, მფრინავი ვარ, ასეთი შემთხვევა არ მქონია
35 წელია, რაც მფრინავი ვარ, ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია, – ამის შესახებ თბილისი-ვენის ავიარეისის პილოტმა, თემურ თოლომაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „ახალი დღე“ განაცხადა. უფროსმა პილოტმა გუშინდელი დღე გაიხსენა, რა დროსაც მან „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი „ბოინგი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა.
თოლომაშვილის თქმით, ეს არ ყოფილა ავარიული დაშვება, ეს იყო არასტანდარტული სიტუაცია.
„აფრენის შემდეგ უნდა აიკეცოს თვლები. მე თავად თვლებს ვერ ვხედავ, არის სიგნალიზაცია, რომელიც მანიშნებს, აიკეცება თუ არა. როცა ავკეცე, იქ მაჩვენა, რომ მარჯვენა თვალი არ აიკეცა. ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, სადაც წერია ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ და დავიწყეთ ამის შესრულება. ამას ვაკეთებდით სადღაც 10-15 წუთის განმავლობაში. ამ მომენტისთვის გადავეცით მეთვალყურეებს, რომ არ შეგვიძლია სიმაღლის აღება და ვერც განვაგრძობდით ფრენებს, ვერც დაშვებას განვახორციელებდით. გვინდოდა, თბილისის თავზე რამდენიმე წრე გაგვეკეთებინა, რათა გაგვეგო, რა იყო და როგორ იყო. მოგვცეს ამის უფლება. ეს შევასრულეთ და მერე მივხვდით, რომ ერთი თვალი არ არის აკეცილი. ასეთი დეფექტით თვითმფრინავს არ შეუძლია განაგრძოს ფრენა დანიშნულების აეროპორტამდე, თვითმფრინავი ამ დროს სისწრაფეს ვერ განავითარებს, საწვავი იმდენი არ მაქვს, რომ მეყოს დანიშნულების ადგილამდე. ამიტომ პროტოკოლით არის მიღებული, უნდა დავბრუნდეთ ან სათადარიგო აეროპორტში, ან იქ, საიდანაც ავფრინდით“, – განაცხადა პილოტმა.
მისივე თქმით, გუშინ თბილისი-ვენის ავიარეისი მის გარეშე გაფრინდა, რადგან ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. თოლომაშვილის თქმით, გუშინ ეკიპაჟის წევრებმა კოორდინირებულად იმოქმედეს.
„გუშინ ყველა ვიქცეოდით კოორდინირებულად. არ შემიმჩნევია, რომ ვიღაც დაიბნა, ან რამე. ამ დროს მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება. ჩვენ ეს გავაკეთეთ, გამოვუცხადეთ. ზოგს შეეშინდა, ზოგმა ნორმალურად მიიღო. ჩემ გვერდით იყო პირველი ოფიცერი გიორგი გიუნაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად გაართვა თავი ამ სიტუაციას, ძალიან მეხმარებოდა.
გუშინ გაფრინდა რეისი ჩემ გარეშე, ეს პროტოკოლის ნაწილია. ამ რეისის განხორციელება მე აღარ შემეძლო – არის სტრესი, სხვადასხვა სიტუაცია, ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. სტრესი იმ მომენტში არ მქონია, უფრო მეტი სტრესი იყო, რომ დავჯექით, იმის შემდეგ.
უკვე 35 წელია, რაც მფრინავი ვარ, და ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია. უფრო ნავიგაციური სისტემების შეზღუდვა მქონია. ეს არის არასტანდარტული სიტუაცია და არა ავარიული დაშვება. ეს იყო პირველი და იმედია, უკანასკნელი შემთხვევა“, – განაცხადა თემურ თოლომაშვილმა.