Pfizer-ის კოვიდვაქცინის შემქმნელთა განცხადებით, კიბოს ვაქცინა რამდენიმე წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი — #1tvმეცნიერება
ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მფლობელი ცოლ-ქმარი, რომლებმაც Pfizer-თან ერთად შექმნეს ეფექტიანი mRNA ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ, ამჯერად პროგნოზირებს, რომ უახლოეს ათწლეულში შეიძლება ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა.
„დიახ, ვგრძნობთ, რომ კიბოს განკურნება, ანუ კიბოს პაციენტთა ცხოვრების შეცვლა ჩვენს ხელთაა“, — ამბობს პროფესორი ოლზემ თურეჯი.
მისი ცოლის, პროფესორ უგურ საჰინის განცხადებით, კიბოს ვაქცინა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაში გამოყენებულ ინოვაციას უნდა დაეფუძნოს, შეიძლება ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი უახლოეს რვა წელიწადში.
„გვჯერა, რომ ეს გარდაუვლად მოხდება 2030 წლამდე“, — აღნიშნავს იგი.
ვაქცინა, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს, ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) გამოყენებით, სხეულს კიბოს ამოცნობა და მასზე თავდასხმა უნდა ასწავლოს.
„ჩვენი მიზანია შევძლოთ ინდივიდუალიზებული ვაქცინის მიდგომის გამოყენება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტებმა მიიღონ პრესონალიზებული, ინდივიდუალიზებული ვაქცინა, რომელიც იმუნურ პასუხს აღძრავს — პაციენტის სხეულის T-ლიმფოციტები შეუძლიათ სხეულის სკანირება, დარჩენილი სიმსივნური უჯრედების პოვნა და მათი იდეალურად მოსპობა“, — განმარტავს საჰინი.
თავდაპირველად, BioNTech-ი სწორედ კიბოს მკურნალობის პაციენტზე მორგებულ მიდგომაზე იყო ფოკუსირებული, mRNA ტექნოლოგიით.
თურეჯის განცხადებით, კიბოს მკურნალობაზე მუშაობა მათ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაიწყეს, იმედგაცრუებულებმა იმით, რომ ონკოლოგიის პაციენტებს ეფექტიან მკურნალობას ვერ სთავაზობდნენ; სწორედ ამან უბიძგა მათ კიბოს კვლევების მიმართულებით წასვლა.
მათი ამ მიმართულებით შრომა „ზურგის ქარი“ აღმოჩნდა COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად, რომელიც თავის მხრივ, ახლა ისევ მათ მიერ წარმოებულ კიბოს კვლევებს უწევს დახმარებას.
კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ კიბოს ვაქცინამ არ იმუშაოს, თურეჯი პასუხობს:
„ასე არ ვფიქრობ. ყველაფერი, რაც იმუნური სისტემის შესახებ ვისწავლეთ და რასაც კიბოს ვაქცინის მიმართულებით მივაღწიეთ, აჩვენებს ცალსახა მოქმედებას — შეგვიძლია კიბოს მკვლელი T-ლიმფოციტების გამოწვევა, მათი მართვა“.
თურეჯის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამოიყენებენ ექიმები სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევებს ვაქცინასთან კომბინაციაში და კიდევ რისი შესწორება იქნება საჭირო პაციენტების განკურნების უზრუნველსაყოფად.
„ყოველი ნაბიჯი და ყოველი პაციენტი, რომელიც ცდების დროს განვკურნეთ, გვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ იმის შესახებ, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“, — აღნიშნავს თურეჯი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.