Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შემქმნელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე კიბოა — #1tvმეცნიერება
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შემქმნელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე კიბოა — #1tvმეცნიერება

მეცნიერები, რომლებმაც პირველებმა შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო, ამჟამად ფართოდ გამოყენებადი ვაქცინა, აცხადებენ, რომ ხალხს შეუძლია ეჭვი არ შეიტანოს ამ ვაქცინის უსაფრთხოებაში, ხოლო ტექნოლოგია, რომლითაც ის არის შექმნილი, სულ მალე გამოყენებული იქნება კიდევ ერთი გლობალური სენის — კიბოს წინააღმდეგ.

ოზლემ თურეჯი, რომელმაც ქმართან ერთად დააარსა გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი, შარშან სხეულის იმუნური სისტემისთვის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სწავლებაზე მუშაობდა, როდესაც ჩინეთში გამოჩენილი უცნობი ვირუსის შესახებ შეიტყო.

საუზმის დროს, ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, რომ ახალი საფრთხისკენ მიემართათ ის ტექნოლოგია, რომელზეც ისინი უკვე ოცი წელია მუშაობდნენ; ახალ პროექტს Project Lightspeed უწოდეს.

11 თვის შემდეგ, ბრიტანეთმა გამოყენებისთვის დაამტკიცა BioNTech-ის მიერ ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან ერთად შექმნილი mRNA ვაქცინა; ერთ კვირაში იგივე გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მაც. დეკემბრის შემდეგ, ამ ვაქცინით მსოფლიოში უკვე ათეულობით მილიონი ადამიანი აიცრა.

„თამამი გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად ღირს, თუ ექსტრაორდინარული ჯგუფი გყავს; ასე, რეალურ დროში შეგიძლია გადაჭრა ნებისმიერი პრობლემა ან დაბრკოლება, რომელიც გზაზე გადაგეღობება“, — განუცხადა თურეჯიმ ინტერვიუში The Associated Press-ს.

გერმანიის ქალაქ მაინცში ბაზირებულ პატარა კომპანიას ჯერ ბაზარზე არანაირი პროდუქტი არ ჰქონდა; მისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი კლილინური ცდების წარმოება სხვადასხვა რეგიონებში და წარმოების მასშტაბი, რათა გლობალური მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

თურეჯის განცხადებით, Pfizer-თან ერთად, რომელიც ჩინურ Fosun Pharma-სთვის აპირებდა დახმარებას, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა.

ამ ყველაფრით მან და მისმა ქმარმა, BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უღურ საჰინმა, ისევე როგორც მათმა სხვა კოლეგებმა, ისწავლეს, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა.

გერმანიაში, თურქი იმიგრანტების ოჯახში დაბადებული თურეჯი ამბობს, რომ მათმა კომპანიამ, რომელშიც მხოლოდ 60 კაცი მუშაობდა, თავიდანვე მიმართა სამედიცინო ზემდამხედველობის ორგანოებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ახალი ტიპის ვაქცინა მარეგულირებელთა მკაცრ შემოწმებებს გაივლიდა.

„მედიკამენტის ან ვაქცინის დამტკიცების პროცესი ერთ-ერთია, რომლის გარშემოც ბევრი კითხვაა, ამაში ჩართულია მრავალი ექსპერტი და მიმდინარეობს ყველა მონაცემისა და სამეცნიერო დისკურსის მიმოხილვა გარე პირების მხრიდან“, — ამბობს თურეჯი.

პანდემიის პირობებში BioNTech-ის პროფილი და ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, კომპანიას უკვე აქვს სახსრები, რომ ახალი შემართებით დაუბრუნდეს თავდაპირველ მიზანს — კიბოს საწინააღმდეგო ახალი საშუალების შექმნას.

BioNTech-Pfizer-ისა და მათი ამერიკული კონკურენტის, Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინები ინფორმაციულ რნმ-ს, იგივე mRNA-ს იყენებს, რათა ორგანიზმს იმ ცილების წარმოების ინსტრუქციები მიაწოდოს და მზად იყოს ორგანიზმში რეალური ვირუსის მოხვედრისას მის გასანეიტრალებლად. იმუნურ სისტემაზე მოქმედების იგივე პრინციპის გამოყენება შესაძლებელია კიბოსთან საბრძოლველადაც.

„არსებობს mRNA-ს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე სხვადასხვა ექსპერიმენტული ვაქცინა“, — ამბობს თურეჯი.

კითხვაზე, როდის შეიძლება გახდეს ასეთი თერაპია ხელმისაწვდომი, თურეჯი აღნიშნავს, რომ ინოვაციაზე მუშაობის დროს რაიმეს პროგნოზირება რთულია.

„თუმცა, ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ჩვენი ვაქცინებიც, თანაც უკვე მოსახმარებლად მზად“, — ამბობს თურეჯი.

ამჟამად, თურეჯი საჰინი აქტიურად მუშაობენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი კორონავირუსის ვაქცინა დანიშნულების ადგილას დროულად ჩავიდეს და ვაქცინა ეფექტიანი იყოს ვირუსის ნებისმიერი ახალი მუტაციის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ცოლ-ქმარი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა; ცერემონიას კანცლერი ანგელა მერკელიც ესწრებოდა.

„ერთ ინდივიდში კიბოს მკურნალობით დაიწყეთ და დღეს, თქვენი წყალობით გვაქვს ვაქცინა მთელი კაცობრიობისთვის“, — აღნიშნა შტაინმაიერმა.

ცერემონიის შემდეგ თურეჯიმ აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მისთვის უდიდესი პატივია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინის შექმნა ბევრი ადამიანის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„ეს გახლავთ ბევრის ადამიანის ძალისხმევის შედეგი: ჩვენი გუნდის BioNTech-ში, ყველა ჩვენი პარტნიორის, მთავრობების, მარეგულირებელი ორგანოების, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ და კარგად აცნობიერებდნენ გადაუდებელ მდგომარეობას. ეს არის მთელი ამ ძალისხმევის აღიარება და მეცნიერების დღესასწაული“, — განაცხადა ოზლემ თურეჯიმ ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე.

მომზადებულია nbcnewyork.com-ის მიხედვით.