პეტრე ცაავა - პირად საუბრებში მუდამ ვსაუბრობდი ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, მოვიდა დრო საჯაროობისა, ამის მაგალითი თვით მაცხოვარმა მოგვცა, როდესაც 30 წლის გამოვიდა ასპარეზზე
პეტრე ცაავა - პირად საუბრებში მუდამ ვსაუბრობდი ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე, მოვიდა დრო საჯაროობისა, ამის მაგალითი თვით მაცხოვარმა მოგვცა, როდესაც 30 წლის გამოვიდა ასპარეზზე

მაცხოვარი ამბობს, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ჩვენ ვაკაკუნებთ, ვამბობთ, რომ განგაშის ზარები არის ასატეხი, ვაპირებთ, საზოგადოებას ავუხსნათ, რა მდგომარეობაშია ეკლესია, როგორ ატყუებს ის ათწლეულების განმავლობაში თავის სულიერ შვილებს, ჩვენი ქვეყნის განვითარება გადის ეკლესიის გაჯანსაღებაზე, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა.

„მდგომარეობა საგანგაშოა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით და მამა ანდრიას მიმართ უპასუხისმგებლო ბრძანებით, მორიგი უსამართლობითა და უკანონობით კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ სჯულის კანონს აიგნორებს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის მმართველი ორგანო საქართველოს ეკლესიისა. ასეთი დამოკიდებულება კანონიკური სამართლის მიმართ, ასეთი უწესრიგობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. ყოველდღიურად უარესდება მდგომარეობა, ეკლესიის ავტორიტეტზე აისახება ნეგატიურად. გამოსავალი არის, რომ საზოგადოება მიხვდეს, სულიერი ხელმძღვანელობა ვაიძულოთ, დავუბრუნდეთ სჯულის კანონით მოქმედებას, ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო, რომლის ფუნქციაც აქვს მითვისებული წმინდა სინოდს. რაც მე სინოდს წევრი ვარ, 2002 წლიდან არც ერთი საკითხი საეკლესიო სამართლის ფორმატით არ განხილულა. დღემდე კანონს მაღლა, ხელმწიფეების დამოკიდებულებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რაც არის შერჩევითი სამართალი. ეს არის ფარისევლობა. როგორც საერო ხელისუფლებისთვის არის დამღუპველი შერჩევითი სამართალი, ასევე, მით უმეტეს, საეკლესიო ხელისუფლებისთვის, რომელიც არის ერის სული და ეს სული ყველაზე მეტად უნდა იყოს ჯანსაღი. როდესაც გვინდა პროცესების გაჯანსაღება სახელმწიფოებრივად, უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ პროცესების მთავარი შემაფერხებელი არის უწესრიგობა, უკანონობა და შერჩევითი სამართალი ეკლესიაში“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

მისივე თქმით, ეკლესია არ არის გათავისუფლებული საბჭოთა მემკვიდრეობისაგან. პეტრე ცაავას განცხადებით, პატრიარქს არ სურს მხილების მოსმენა.

„პატრიარქმა მამა ანდრიასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რათა განემარტა, თუნდაც დაერიგებინა, რა ცდომილებაშია, თუ ასე ფიქრობს, ან მოესმინა მისგან. მინდა, შევახსენო მისი სიტყვები, რომელიც მოსმენილი მაქვს პატრიარქისგან, რომ მეფეებს კარზე, გალავანთან ჰყავდათ მასხარები და აი, მათგან მაინც მოესმინა სიმართლე და მხილება თუ ყველა გარემოცვა აღიჭურვებოდა ხოლმე პირფერობით მეფის მიმართ. აი, მასხარებს მაინც უსმენდა ხოლმე მეფე. პატრიაქმა უნდა მოუსმინოს მხილებას. ძალიან ტრაგიკულია, რომ მას არ უნდა სიმართლის მოსმენა მამა ანდრიასგან. სხვა სასულიერო პირებმა, რომლებმაც ხმა აიმაღლეს უკანონობის, უსამართლობისა და უზნეობის წინააღმდეგ, რომელიც არის გამეფებული დედაეკლესიაში, სწორედ სადამსჯელო პოლიტიკის გატარებაა. საპატრიარქოსთვის საშიშია და უფრთხის, ეშინია სიმართლისა და სიმართლის მთქმელი ადამიანების, დაახლოებით ისე, როგორც ბოროტს ეშინია ჯვრის“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალია საეკლესიო სასამართლო ან დიდი საეკლესიო კრების მოწვევა, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და საერო პირებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ვთქვი ნახევრად ხუმრობით, რომ დავიწყოთ ჩემგან, აი, როგორც თამარ მეფემ და პატრიარქსაც კი ერთხელ შევახსენე სინოდის სხდომაზე, როდესაც დიდუბის ეკლესიაში თამარ მეფის გვერდით თავად გამოსახა მისი ფრესკა , აი რაღაცით მაინც ხომ უნდა მივბაძოთქო – თამარ მეფემ რეფორმები გაატარა და ოქროს ხანა მოუტანა საქართველოს, იყო დამოკიდებულება, როდესაც კრება მოიწვია და მიმართა სიტყვებით – დავიწყოთ მხილებით და დავიწყოთ ჩემგან, ნუ მომერიდებით მე და ნურც ნურავის მოერიდებით თავისი პატივისა და დიდების გამო, მაგრამ ნურავის დაჩაგრავთ ასევე პატივის არმქონეს. ეს ფაქტობრივად გახდა გამოსავალი, დაეწყოთ მხილებით, მაგრამ პატრიარქი დადუმდა და ფაქტობრივად, არ აღმოჩნდა მზად ჯერ კიდევ წლების წინ და არ აღმოჩნდა მზად დღესაც კი, არ აღმოჩნდა მზად, შეხვედროდა მამა ანდრიას და მოესმინა მისგან დაგროვილი გულისტკივილი“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

მისივე თქმით, წმინდა სინოდის წევრები, ისევე, როგორც პატრიარქი, არ უნდა დადგნენ კანონზე მაღლა.

„თუ ვინმე ამბობს, რომ სჯულის კანონი დაწერილია საუკუნეების წინ და შესაძლებელია, თანამედროვე რეალობისთვის მორგება ისე, რომ წმინდა მამათა სწავლება და სჯულის კანონი არ დაირღვეს, მე ამაზე თანახმა ვარ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ მიმდინარე მოვლენებზე და გამოწვევებზე, მაგრამ უნდა გაგრძელდეს მუშაობა კანონზე. მთავარია, დავდოთ შედეგი. უხეშად დაირღვა კანონი გასულ წელს. წმინდა სინოდი მხოლოდ ერთხელ ჩატარდა და პატრიარქი ვალდებული იყო, რომ ორჯერ ჩაეტარებინა. მერე გამოვიდა და გაგვაკრიტიკა, თითქოს, ჩვენ ვიყავით დამნაშავე, რომ მეორედ არ ჩატარდა სხდომა. ჩატარდა მხოლოდ ერთხელ, სადაც განიხილა მხოლოდ სამი საკითხი, მეოთხე ისე, ფორმალურად. პირველი აღმოჩნდა ფარსი, სიცრუე და სიყალბე, მამა გიორგის შეწყალების საკითხი; მეორე ცინიზმი – მეუფე იაკობის ვითომ აღსარება, აღსარებით წერტილის დასმა იმ დანაშაულებრივ განცხადებისა, რაც მან გააკეთა; მესამე საკითხი იყო ჩემს მიმართ გამოტანილი მსჯავრი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი იყო და ემსახურებოდა უკანონოდ დასჯის გადაწყვეტილების გადაფარვას“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

კითხვაზე, რა გეგმები აქვს სამომავლოდ, პეტრე ცაავამ სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები მოიშველია.

„მაცხოვარი ამბობს, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ჩვენ ვაკაკუნებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ განგაშის ზარები არის ასატეხი და ფაქტობრივად დაწყებულია ეს პროცესი. რეგიონებში მოგზაურობას ვაპირებთ, რომ საზოგადოებასთან მოვაწყოთ შეხვედრები. ავუხსნათ, რა მდგომარეობაშია ეკლესია, როგორ ატყუებს ის ათწლეულების განმავლობაში თავის სულიერ შვილებს. ჩვენი ქვეყნის განვითარება გადის ეკლესიის გაჯანსაღებაზე“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

მისივე თქმით, ეკლესია არის დედა და მის გარეშე არ არსებობს სულის ცხონება, ხოლო ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება.

„მე ვარ ამ ეკლესიის შვილი და ძალიან ადრე ერთმა მღვდელთმთავარმა მზაკვრულად და უტიფრად მითხრა – იქნებ, დატოვო ეკლესია თუ არ მოგწონს. მე ვუთხარი – ახლა იმ ჭკუას არ ვემსახურები, იმიტომ არ მოვსულვარ ეკლესიაში და თავს არ ვწირავ, რომ მე წავიდე და თქვენ, უსამართლოებს, უზნეოებსა და მართლა სოდომიტებს დაგიტოვოთ და შეგატოვოთ ეკლესია. ეკლესია უნდა განიწმინდოს. დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, არც გამსახურდია ითხოვდა ეკლესიიდან წასვლას. პირიქით, ის ითხოვდა ეკლესიის გაჯანსაღებას. ასევე, თამარ მეფემ კი არ თქვა, რომ ეკლესიაში არის პრობლემა და უნდა წავიდე“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

კითხვაზე, რატომ დაიწყო საუბარი ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ ახლა, პეტრე ცაავამ იესო ქრისტეს მაგალითი გაიხსენა.

„როდესაც მომეცა საშუალება, ჩემს პირველ საჯაროობას წინ უძღოდა ბოდბეში უპასუხისმგებლო გამოხტომა მაშინდელი ეპისკოპოსის მხრიდან, რომ პატრიარქის წინააღმდეგ არის დაწყებული ბრძოლა, რომ სიძეობა არ არის იმუნიტეტი და არ ვაპატიებთ. შემდგომ იყო განცხადება, რომ სასულიერო პირების ერთმა დაჯგუფებამ მეორე დაჯგუფება ამხილა და დაადანაშაულა მწვალებლობაში. მე ვთქვი, რომ ეკლესიაში დიდი პრობლემა არის ჩრდილოვანი მმართველობა, უწესრიგობა და მაშინვე მოვითხოვე საეკლესიო სასამართლო. იმავე სინოდზე მოვითხოვე, რომ მეუფე იაკობს განემარტა, თუ რას გულისხმობდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ არის ბრძოლა დაწყებული. ის დადუმდა, დადუმდა ასევე პატრიარქი და შემდგომ ჩვენ ვიხილეთ ციანიდის საქმე. მოხდა შეკერვა ციანიდის საქმის. მივხვდი, რატომ ზის მამაო ციხეში უსამართლოდ. მე ვინც პირადად მიცნობს, იტყვის, რომ პირად საუბრებში მუდამ ვსაუბრობდი ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე. მოვიდა დრო საჯაროობისა, თუ ამ ლოგიკით ვიტყვით, აი, მაცხოვარი ამ უსამართლო სამყაროს მოევლინა ბეთლემის გამოქვაბულში და 30 წლის რომ შესრულდა, ნათელ იღო, შემდეგ პირველი სასწაული მოახდინა კანას გალიას ქორწილში, ანუ 30 წლის გამოვიდა ასპარეზზე და მხოლოდ სამ წელიწად-ნახევარი მოანდომა. ანუ ეს ქრისტიანული სამყაროსთვის უცხო არ არის, როდესაც დრო მოდის საჯაროობის, დრო მოდის ხმის ამაღლებისა, თვით მაცხოვარმა მოგვცა ამის მაგალითი, ანუ შობიდან 30 წელი ის ფაქტობრივად დუმდა და აი შენიშვნაც კი მისცა დედაღვთისმშობელს, როდესაც მან სთხოვა კანას გალიას ქორწილში, სადაც ღვინო დაუმთავრდათ მეინახეებს და ამ უხერხულობისაგან რომ ეხსნა ქორწილი და მასპინძლები, წყალი აკურთხა ღვინოდ. იცოდა ღვთისმშობელმა, რომ მას ხელეწიფებოდა სასწაულის მოხდენა, მაგრამ თქვა, რომ ჯერ არ არის ჟამიო და მაინც დედის ხათრით აღასრულა ეს სასწაული და შემდეგ დაიწყო ქადაგება. აქედან გამომდინარე, ეს უცხო არ არის“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.