საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეთა ნაწილი პეტრე ცაავას მათი კუთვნილი მიწების მითვისებაში ადანაშაულებს
საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქეთა ნაწილი პეტრე ცაავას მათი კუთვნილი მიწების მითვისებაში ადანაშაულებს

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ლევან მერაბიშვილი მოვიდა. ლევან მერაბიშვილის თქმით, მათ დაუკავშირდნენ ადამიანები, რომელთაც პრეტენზია აქვთ ეპარქიის ყოფილ მღვდელმთავარ პეტრე ცაავასთან.

საპატრიარქოს წარმომადგენლის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ ეპარქიის ყოფილმა მმართველმა მათი კუთვნილი მიწები მიიტაცა.

„მოქალაქეებისგან ბევრი ზარი შემოვიდა. ყოფილ მმართველთან აქვთ პრეტენზიები. აქ ვარ და მოვლენ ალბათ ის ადამიანები. ალბათ შევხვდებით ჯერ აქ და მერე მოგვიწევს სოფლებში შეხვედრა, თუ რა მტკიცებულებები აქვთ. იმიტომ ვართ აქ, რომ გავარკვიოთ, გადაფარვა იყო თუ მიზანმიმართული მიტაცება. ამბობენ, რომ მათ აქვთ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, – აღნიშნა ლევან მერაბიშვილმა.

ეპარქიაში ბრალდებებს უარყოფენ. იღუმენია თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ მეუფე პეტრეს ცილს სწამებენ.

„ყველაფერი საპატრიარქოს სახელზეა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, წლებია, ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ თავდასხმებს. დაქირავებული ადამიანები აჟღერებდნენ ამ ცილისწამებებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა არის მეუფის ქონება. ეს ხომ ძალიან მარტივია. არის ვინმე კეკუტია, რომელსაც უნდოდა დადიანების ყოფილი რეზიდენციის მითვისება და წინააღმდეგობაში მოვიდა მეუფესთან. ამის შემდეგ ეს კაცი აფინანსებს თავის სოფელში ხან ვის, ხან ვის, რომლებიც ცილს სწამებენ მეუფეს“, – განაცხადა იღუმენია თამარმა.