პეტრე ცაავა - ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს
ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს, – ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, ის გააგრძელებს საჯარო აქტიურობას.
„იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო აქ საჯარო აქტიურობა.
გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომა იყოს ღია, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში. რამეთუ მოვისმინე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო კომენტარები, ფაქტობრივად სიცრუის ტირაჟირება სინოდის წევრების მხრიდან. რათა საზოგადოება ასე დაბნეული არ იყოს და მღვდელმთავრებს, როგორც ცრუპენტელა ადამიანებს არ აღიქვამდეს, მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კუთხით, არის ჩემი ინიციატივა. რამდენიმე წლის წინ, მქონდა ეს ინიციატივა, მაგრამ რა თქმა უნდა, პატრიარქის მხრიდან მახსოვს ძალიან მძიმე რეაქცია იყო. ამის პრაქტიკა ყოფილა, კრეტის კრება, რომელიც ჩატარდა 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით, ყოფილა პირდაპირ რეჟიმში გაშუქებული, რაც ძალიან სწორად მიმაჩნია. ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, რაც ერთადერთი გამოსავალია მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის. ყველაფერი რაც დახურულია, ფუჭდება და ლპება“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.