პეტრას სახელგანთქმული ნაგებობის ქვეშ საიდუმლო სამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
14:17, 17.10.2024
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფასადი დიდ საიდუმლოს მალავს.
ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის, პეტრას ცენტრში მდებარე მოჩუქურთმებული ნაგებობის, ელ-ხაზნეს ქვეშ, არქეოლოგები გადააწყდნენ საძვალეს, რომელშიც 12 ჩონჩხი აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ადამიანი კერამიკის გატეხილ თასთან ერთად იყო დამარხული.
„როდესაც ფიალის მსგავსი რაღაც შევნიშნეთ, ყველანი გავშეშდით. თითქმის იგივე იყო, რაც ფილმში ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა; უძველეს შენობაში, პირდაპირ საფლავზე იდო“, — იხსენებს ამერიკელი ტელეწამყვანი ჯოშ გეიტსი, რომელიც არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად მუშაობდა Discovery Channel-ის დოკუმენტური ფილმისთვის.
სამწუხაროდ, ამ უძველეს თასს სამარადისო ახალგაზრდობის ან უსაზღვრო სიმდიდრის ბოძება არ ძალუძს, მაგრამ მკვლევრები სამარხის აღმოჩენით მაინც ძლიერ აღფრთოვანებული არიან.
„ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ეს გათხრები სრულად შეცვლიდა ჩვენს ცოდნას პეტრას ელ-ხაზნეს კარიბჭის შესახებ. გაოგნებულები ვართ ამ მალული კამერის აღმოჩენით, რადგან პეტრაში აღმოჩენილი თითქმის ყველა სამარხი ცარიელი იყო. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სამარხია პეტრაში ნაპოვნთა შორის“, — ამბობს იორდანიაში ამერიკული კვლევების ცენტრის არქეოლოგი პირს პოლ კრისმანი.
ქალაქი პეტრა იორდანიის სამხრეთში მდებარეობს და სანახევროდ არის აშენებული და მოჩუქურთმებული დაახლოებით 2000 წლის წინ ნაბატეველების მიერ; ეს გახლდათ ტრადიციული მომთაბარე ბედუინების არაბული ტომი.
ეს ქალაქი მათი დედაქალაქი იყო, რომელსაც რაქმუს უწოდებდნენ. ახლა ის მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში შედის და მის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი რამაა საიდუმლოებით მოცული; ერთ დროს, ის სავაჭრო კვანძის როლს ასრულებდა ხმელთაშუა ზღვის აუზს, არაბეთსა და აზიას შორის.
ახ. წ. 700 წელს, უცნობ მიზეზთა გამო პეტრა მიატოვეს და საბოლოოდ, მისი მთავარი ნაგებობა, კარიბჭე (ელ-ხაზნე), არტეფაქტებისგან სრულიად გაძარცვეს.
ამრიგად, რეალურად არავინ იცის, როდინდელია პეტრას ეს ნაგებობა ან რისთვის გამოიყენებოდა. ხშირად მას განძის შენობასაც ეძახიან, რადგან მიიჩნეოდა, რომ ფასადის თავზე გამოკვეთილ ურნაში დიდძალი განძი იმალებოდა. თუმცა, ეს ჭურჭელი შეიძლება სამეფო ოჯახის მემორიალს წარმოადგენდა.
„ფანტასტიკურია, რომ ახლა უკვე გვაქვს კერამიკა, ეკოფაქტები და დანალექები, რომლებიც განძის შენობის აგების პერიოდს ეკუთვნის. აქამდე, ჩვენ მხოლოდ მოსაზრებებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით ვმუშაობდით. დიდი მიღწევა იქნება, თუ ახლა მაინც შევძლებთ ზუსტ დათარიღებას“, — ამბობს შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის მკვლევარი ტიმ კინეირდი.
მიწისქვეშა კამერის აღმოჩენა შემთხვევით მოხდა, მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა გრუნტში შეღწევადი რადარები გამოიყენეს დატბორვის რისკის შესაფასებლად.
არქეოლოგთა განცხადებით, დიდი ალბათობით, სამარხი ახ. წ. I საუკუნეშია აგებული მეფე არეტა IV ფილოპატრისის მავზოლეუმად.
მეფე ფილოპატრისი ნაბატეველთა სამეფოს ძვ. წ. 9 — ახ. წ. 40 წლებში მართავდა. მისი ზეობისას, ერთ დროს თხებისა და ცხვრების მწყემსთა საზოგადოება გადაიქცა მდიდარ ვაჭართა სამეფოდ, რამაც პეტრას მრავალი შენობის აგება გახადა შესაძლებელი.
საბოლოოდ, ამით მიიქციეს რომაელთა ყურადღებაც. ახ. წ. დაახლოებით 100 წელს, მძლავრმა მეზობელმა იმპერიამ პეტრა მიიერთა და არაბეთის პეტრა უწოდა. რომაელები ქალაქზე მომდევნო 300 წელიწადს ბატონობდნენ, შემდეგ კი ძეგლი თანდათან მიატოვეს.
უცნობია, რა დაემართათ ნაბატეველებს ამის შემდეგ. სავარაუდოდ, ისინი ნელ-ნელა რომაელებს შეერივნენ. მათ შესახებ ძირითადად სწორედ რომაული ჩანაწერებიდან ვიცით.
„აღმოჩენა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რადგან ამ დრომდე, პეტრაზე ადრეულ ნაბატეველთა მხოლოდ რამდენიმე სრულყოფილი სამარხი იყო აღმოჩენილი. სამარხები, ნივთები და ადამიანთა ჩონჩხები შეავსებს იმ ნაპრალებს, რაც ჩვენს ცოდნაში არსებობს პეტრასა და ნაბატეველთა შესახებ“, — ამბობს სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი რიჩარდ ბეიტსი.
პეტრას ამ გათხრების შესახებ Discovery Channel-ზე უკვე გადის ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი.