პეტრას ასტრევოჩუსი - პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ
პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას ასტრევოჩუსმა ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პეტრას ასტრევოჩუსმა განაცხადა, კრიზისი დიალოგის საშუალებით უნდა მოგვარდეს.
„საქართველოში ამჟამად არსებული ვითარებით ძალიან შეშფოთებულნი ვართ. ამ პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ. ვაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის ხმას ამასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, იყოს პასუხისმგებლიანი და ღია პარტნიორი მოლაპარაკების პროცესში. ეს კრიზისი დიალოგის საშუალებით უნდა მოგვარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ კოალიციას გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რაც ეხება არჩევნებს.
რეკომენდაცია ჩემგან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომხსენებლისგან, დემოკრატიულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით – არჩევნები ეს დემოკრატიული კრიტერიუმია, როგორც ფუნდამენტური პირობა ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის. მათ, ვისაც არ ესმის დემოკრატიული კრიტერიუმის მნიშვნელობა, ისინი ცდებიან. მსგავსი ვითარება ორი წლის წინ გვქონდა მოლდოვაში და არ მინდა, საქართველო ვიხილო იმ ვითარებაში, როდესაც ვერ ასრულებს მას. სწორედ ამიტომ ჩვენი გზავნილი მტკიცეა და ველით, რომ დიალოგი შედეგს მოიტანს“, – განაცხადა პეტრას ასტრევოჩუსმა.