პეტრა კვიტოვამ 21-ე ტიტული მოიპოვა
პეტრა კვიტოვამ 21-ე ტიტული მოიპოვა

გასულ კვირას, ქალთა პროფესიულ ტურში ორი ტურნირი იმართებოდა – სანკტ-პეტერბურგსა და ტაიბეიში.
უფრო წარმომადგენლობითი რუსული ტურნირი იყო, რომლის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ჩეხი პეტრა კვიტოვა და ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი. გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა – საათსა და 4 წუთში კვიტოვამ 6:1, 6:2 გაანადგურა მეტოქე.

ჩეხმა 7 ეისი ჩააწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და რვიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მლადენოვიჩს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთხელ ვერ აიღო მეტოქის მოწოდება.
კვიტოვამ კარიერაში 21-ე ტიტული მოიგო. ამით მან გაუსწრო ვიქტორია აზარენკასა და აგნიეშკა რადვანსკას და მეხუთე ადგილზე გადავიდა მოქმედ ჩოგბურთელებს შორის. ტიტულების რაოდენობით ჩეხზე წინ არიან: სერენა უილიამსი – 72, ვინუს უილიამსი – 49, მარია შარაპოვა – 36 და კაროლინ ვოზნიაცკი – 28.

რაც შეეხება ტაივანის ღია პირველობას, ფინალში უნგრელმა ტიმეა ბაბოშმა საათსა და 24 წუთში მოუგო უკრაინელ კატერინა კოზლოვას – 7:5, 6:1. ბაბოშმა 12 ეისით და 5 ბრეიკით დაასრულა შეხვედრა. უნგრელისთვის ეს მესამე ტიტულია კარიერაში.