პეტრ პაველი - რუსეთზე გამარჯვება უკრაინის მოსახლეობის ნახევრის განადგურების ფასად ალბათ გამარჯვებას არ წარმოადგენს
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ნიუ იორკში მედიასთან საუბრისას განმარტა თავისი განცხადება იმის შესახებ, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე შესაძლოა, დროებით კონტროლი შეინარჩუნოს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პაველის თქმით, მას აღნიშნულის შესახებ ადრეც უთქვამს და ჯერ კიდევ გასული წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა, რომ არ უნდა არსებობდეს არარეალისტური მოლოდინები.
ჩეხეთის პრეზიდენტის აზრით, იმის იმედი, რომ ომი რამდენიმე კვირაში ან თვეში დასრულდება უკრაინის ცალსახა გამარჯვებით, შესაძლოა, ყველასთვის საშიში იყოს. ამიტომ, მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა საჭიროა იმის გათვალისწინებით, თუ რა არის რეალურად შესაძლებელი.
„მე არასდროს ვაყენებდი ეჭვქვეშ, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და, რომ ეს არის საბოლოო მიზანი. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ რეალისტურები დროის ჰორიზონტთან და ამ მიზნის მიღწევის საფასურთან დაკავშირებით. უკრაინაში რუსეთზე გამარჯვება უკრაინის მოსახლეობის ნახევრის განადგურების ფასად, ალბათ, გამარჯვებას არ წარმოადგენს“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა იყოს რეალისტი თავის მიზნებთან დაკავშირებით და უნდა აღიაროს, რომ ზოგიერთი ტერიტორია შესაძლოა, დროებით რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს.
მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყო უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე ოკუპაციის შენარჩუნების შესაძლებლობა. საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ უკრაინა ეყრდნობა „მშვიდობის ფორმულას“, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სუვერენული ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანას.
„ხაზს ვუსვამთ, რომ არ შეიძლება, იყოს ნახევარი გადაწყვეტილებები, როდესაც საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, საერთო ღირებულებებზე, რუსეთის დანაშაულებისთვის სამართლიანობაზე, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენაზე. ამ კონტექსტში დროებითი გადაწყვეტილებები ვერ აღადგენს სრულფასოვან მშვიდობას, არამედ მხოლოდ გადაავადებს ომს“, – აღნიშნეს უკრაინის საგარეო უწყებაში.