ჩეხეთის პრეზიდენტი - უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთი არ იქნება მშვიდობიანი პარტნიორი, ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ როცა მოქმედებს, უნდა შევეწინააღმდეგოთ
ჩეხეთის პრეზიდენტი - უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთი არ იქნება მშვიდობიანი პარტნიორი, ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ როცა მოქმედებს, უნდა შევეწინააღმდეგოთ

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ ევროპა რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირების დასაწყისშია.

პაველის თქმით, დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სამხედრო სახის იქნება. მისივე განცხადებით, ევროპის ქვეყნებს თუ საკუთარი უსაფრთხოების და კეთილდღეობის შენარჩუნება სურთ, მათ რუსეთს მკაფიო საზღვრები უნდა დაუწესონ.

„ჩვენ ამას თუ არ ვიზამთ, ამან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გართულებები გამოიწვიოს“, – ამბობს ჩეხეთის პრეზიდენტი.

როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვს სურს, აღადგინოს საბჭოთა კავშირის იმპერიული სიდიადე, მათ შორის, მისი გავლენის სფერო, რაზეც რუსეთი ღიად საუბრობს. პაველი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის მიზნის მიღებით შეუძლებელი იქნება მშვიდობის მიღწევა.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია არ იქნება მშვიდობიანი პარტნიორი. რუსეთი ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ როცა მოქმედებს, ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ მას, სხვა შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრების წესი და ღირებულებები საფრთხის ქვეშ დადგება“, – ამბობს პაველი.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რუსეთის ფედერაციამ გაიგოს, რომ უკრაინაში სამხედრო წარმატებებს ვერ მიაღწევს, რაც „შესაძლოა, რესურსებისა და ადამიანის სიცოცხლის უაზრო ფლანგვის ნაცვლად, დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყებამდე მივიდეს“.

პაველმა ასევე განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ უახლოეს მომავალში მთელი ტერიტორიები დაიბრუნოს. ჩეხეთის ლიდერი არ გამორიცხავს მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა რუსეთს უნდა აუხსნან, რომ ეს მისთვის არანაირ პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების პრეზიდენტად შესაძლო არჩევის საკითხს ეხებოდა, ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა, დიდი ხანია, შეერთებული შტატების მიმართ „განებივრებული ბავშვივით იქცევა“, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყოს და უსაფრთხოების სფეროში მეტი პასუხისმგებლობა აიღოს.