პერუში, ნასკას უდაბნოში კიდევ 168 იდუმალი ნახატი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პერუში, ნასკას უდაბნოში კიდევ 168 იდუმალი ნახატი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

პერუში მდებარე ნასკას უდაბნო თითქოს ზემოთ, ღმერთებისთვის განკუთვნილი ხელოვნების გალერეაა. მიუხედავად იმისა, რომ ციდან მას უკვე ათწლეულებია იკვლევენ, ამ უდაბნოში დახატულ გიგანტურ გამოსახულებათა შესახებ ჯერ მაინც ბევრი რამ არ ვიცით.

შარშან, პერუელმა არქეოლოგმა The Guardian-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, მეცნიერებს ამ უდაბნოში ნასკას ხაზების ჯერ მხოლოდ ხუთი პროცენტი აქვთ აღმოჩენილი. იაპონიის იამაგატას უნივერსიტეტის მკვლევრები ადგილობრივ არქეოლოგებთან ერთად ამ სიტუაციის შესაცვლელად მუშაობენ; მათ მიერ აღმოჩენილი უძველესი ხაზების ახალი კოლექცია ჩვენთვის ცნობილ ნახატთა რაოდენობას თითქმის აორმაგებს.

დრონებით დათვალიერებითა და აეროვიზუალიზაციით, სამხრეთ პერუში, ნასკას ხაზების მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე ახლახან 168 ახალი გეოგლიფი აღმოაჩინეს; ამ გიგანტურ გეოგლიფთა შორის დაახლოებით 50 წარმოადგენს ადამიანის მსგავსი ფიგურების გამოსახულებებს.

ჰუმანოიდის ერთ-ერთ ილუსტრაციას სახეზე თმებიც კი ემჩნევა.

ზოგიერთი გამოსახულება ასახავს ფრინველებს, ორკებს, კატებსა და გველებს. რამდენიმე მათგანი უბრალო ხაზი ან ტრაპეციული გამოსახულებაა.

ნასკას ხაზები

უცნობია, როდის გამოსახეს ეს ფიგურები, მაგრამ ხაზებთან ახლოს აღმოჩენილი თიხის დოქები ძვ. წ. 100 – ახ. წ. 300 წლით თარიღდება.

ნასკას ხაზები

უძველესი ილუსტრაციებიდან ბევრი ბრტყელ რელიეფზეა გადაჭიმული, რის გამოც, ახლომდებარე პოზიციებიდან მათი დანახვა რთულია. იმის გამო, რომ ხაზები მიწაშია ამოჭრილი, რათა ქვეშ არსებული კონტრასტული ფერადი ქანები გამოჩენილიყო, ეროზიამ მათი დანახვისა და აღმოჩენის შანსები უფრო გააუარესა.

ბოლო წლებში, დრონები ჩვენი ციური თვალები გახდა. მათი წყალობით, სპეციალისტები ნასკას ხაზებს გაცილებით მკაფიოდ ხედავენ.

შეგროვებული ინფორმაციის ნაწილს ხელოვნური ინტელექტით ამუშავებენ, რომელიც სხვადასხვა მახასიათებლებს ადამიანის თვალზე გაცილებით სწრაფად და საიმედოდ არჩევს. 2019 წელს, ნასკას ახალი ნახატები სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა.

ნასკას ხაზები ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი საიდუმლოა; რაც უფრო მეტ ასეთ ნახატს პოულობენ არქეოლოგები, ალბათ მით უფრო ვუახლოვდებით მათი დანიშნულების საბოლოოდ დადგენას.

რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო, ძვ. წ. 500 – ახ. წ. 500 წლებს შორის, სამხრეთ პერუს ბინადარი საზოგადოებები ლანდშაფტზე აგებდნენ მარტივ ხაზებს, ფორმებსა და ფიგურებს, რომელთაგან მრავალი სრულად მხოლოდ ზემოდან ჩანს.

ნასკას ხაზები

ათწლეულების განმავლობაში, ამ ხაზების მრავალგვარი ინტერპრეტაცია მოხდა, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ახსნის მიხედვით, ისინი განკუთვნილი იყო ცაში ღმერთებისთვის, რომლებიც დაბლა ადამიანებს უყურებდნენ. კიდევ ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით კი, ფიგურები და ნახაზები რიტუალური და ასტრონომიული დანიშნულების იყო.

1994 წელს, როდესაც ნასკას უდაბნო იუნესკო-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, აღმოჩენილი იყო მხოლოდ 30 გეოგლიფი და მათი უმეტესობა მცენარეებსა და ცხოველებს ასახავდა.

როგორც ჩანს, ეს მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. 2019 წლისთვის უკვე აღმოჩენილი იყო ჯამში დაახლოებით 200 გეოგლიფი, რომელთაგან რამდენიმე ჰუმანოიდის ფიგურას ასახავდა.

იამაგატას უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ აღმოჩენილი ახალი ფიგურების შემდეგ, ნასკას ხაზების ოფიციალური რაოდენობა 350 გახდა.

დიდი ალბათობით, ნასკას უდაბნოში ჯერ კიდევ ბევრი უძველესი ხელოვნების ნიმუში იმალება.

იამაგატას უნივერსიტეტის ჯგუფს კვლევებისთვის პერუს კულტურის სამინისტროს ნებართვა აქვს და ადგილობრივ არქეოლოგებთან ერთად, მთლიანი უდაბნოს შესწავლას გეგმავენ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.