აღმოჩენილია ნასკას უდაბნოს აქამდე უცნობი, ათასობით წლის ნახატები
აღმოჩენილია ნასკას უდაბნოს აქამდე უცნობი, ათასობით წლის ნახატები

არქეოლოგებმა პერუში განსაცვიფრებელი აღმოჩენა გააკეთეს — აქამდე უცნობი 50 ნასკას ხაზი, რომელთაგან ზოგიერთი საუკუნებით უფრო ძველია, ვიდრე ამ უდაბნოს სახელგანთქმული სხვა ნახატები.

იდუმალებით მოცულ გეოგლიფთა უმეტესობა შექმნილია ნასკას ხალხის მიერ, რომელიც ამ რეგიონში ახ. წ. 200-700 წლებში ცხოვრობდა. მკვლევართა აზრით, ახლად აღმოჩენილი ზოგიერთი ნახატი შექმნილია გაცილებით ადრე, პარკასისა და ტოპარას ხალხის მიერ, რომლებიც იქ ძვ. წ. 500 – ახ. წ. 200 წლებში სახლობდნენ.


ათწლეულების განმავლობაში, ეს ხაზები მეცნიერებს საგონებელში აგდებდა. უდაბნოს კენჭებიანი ნიადაგის ზედა მჟავა ქანების ამოკვეთისა და ქვედა მკრთალი ქანების გამოჩენის გზით წარმოქმნილი გეოგლიფები გადაჭიმულია ნასკას უდაბნოს საკმაოდ ვრცელ ზონაში, ქალაქ ნასკასა და პალპას შორის.

ზოგიერთ მათგანს გეომეტრიული ფორმები აქვს, ზოგი უბრალოდ ხაზია, ზოგიც ცხოველებსა და სხვადასხვა ობიექტებს ასახავს.

ამ უძველეს სიმბოლოთა ყველაზე საუცხოო დეტალი ისაა, რომ ხშირად, მათი აღქმა მიწის პირიდან ვერ ხერხდება. იმისათვის, რათა ნახატები დაინახოთ, მოგიწევთ მაღლა, ჰაერიდან შეხედოთ. სწორედ ამიტომ რჩებოდა მთელი მათი სიდიადე კაცობრიობისთვის უცნობი მანამ, სანამ თვითმფრინავებს გამოიგონებდნენ.

მეორე მხრივ, უფრო ადრეული პარკასის გეოგლიფები ხშირად გამოსახული იყო ბორცვის კალთებზე და შესაბამისად, გარკვეული ადგილებიდან მათი ხილვა მიწისპირიდანაც შესაძლებელია. ნასკას ხაზების უფრო გეომეტრიული ფორმებისგან განსხვავებით, პარკასის ნახატები ხშირად ასახავს ადამიანებსაც.

ახლად აღმოჩენილ პარკასის ფიგურათა უმეტესობა ნასკას ხაზებზე საუკუნეებით ძველია და ასახავს მებრძოლებს. მათი მთელი დიდებულება შეგიძლიათ იხილოთ National Geographic-ის მიერ გადაღებულ ვიდეოში.


„ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს იყო ტრადიცია ათასობით წლის განმავლობაში, ნასკას კულტურამდე ბევრად ადრე, რაც კარს უხსნის ახალ ჰიპოთეზებს ნახატების მნიშვნელობასა და დანიშნულებასთან დაკავშირებით“, — უთხრა პერუს კულტურის სამინისტროს არქეოლოგმა ჯონი ისლამ National Geographic-ს.

2014 წელს ორგანიზაცია „გრინპისმა“ კოლიბრის სახელგანთქმული გეოგლიფის სიახლოვეს საპროტესტო წარწერა განათავსა, რამაც უძველესი ნახატი დააზიანა. რესტავრაციისთვის საჭირო თანხა ისლამ და მისმა ჯგუფმა გრანტის სახით აშშ-ისგან მიიღო.

მაგრამ სამუშაო საკმაოდ რთული აღმოჩნდა, არ არსებობდა ზუსტი რუკები. ამიტომ, რუკების შევსების მიზნით, ისლამ არქეოლოგიის პროფესორ ხაიმე კასტილიო ბუტერსს მიმართა.


მუშაობა მათ National Geographic-ის მკვლევარ სარა პარსაკთან ერთად დაიწყეს, რომელსაც დაარსებული აქვს ორგანიზაცია GlobalXplorer. ამ პროექტის ფარგლებში, მოყვარული მეცნიერები ათვალიერებენ სატელიტურ ფოტოგრაფიას და ეძებენ პოტენციურად საინტერესო ადგილებს. ამ შემთხვევაში, მათი კვლევის საგანი პერუს კონკრეტული ძეგლები იყო.

პირველი კვლევის შემდეგ, კასტილიო პირადად ესტუმრა ძეგლებს, თუმცა საინტერესო ბევრი ვერაფერი აღმოაჩინა.

ამის შემდეგ, ჯგუფმა ტერიტორია დრონებით გადაიღო. გამოიყენეს როგორც ფოტოგრაფია, ისე 3D სკანირება. შედეგად, დღის სინათლე იხილა უამრავმა ისეთმა გეოგლიფმა, რომლებიც მანამდე არავის ჰქონდა შენიშნული.

ეროზიის გამო დაზიანებული ხაზები დროთა განმავლობაში მხედველობას მიფარებოდა, მაგრამ დრონების მახვილ თვალს ისინი არ გამოპარვია.

მიუხედავად იმისა, რომ ახლად აღმოჩენილი ნახატები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ზონაში მდებარეობს, მაინც საჭიროა მათი რეგისტრაცია პერუს მთავრობის მიერ.

ვინ იცის, კიდევ რამდენ საიდუმლოს შეიძლება მალავდეს ნასკას ხაზები? კვლევა გრძელდება და იმედია, სულ მალე კიდევ არაერთ საინტერესო დეტალს შევიტყობთ.

ახლად აღმოჩენილი ხაზების ფრაგმენტი

მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი