პერუში ინკების ცივილიზაციაზე უფრო ძველი სამარხები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პერუელ და იაპონელ არქეოლოგთა ჯგუფმა ჩრდილოეთ პერუში ესპანელებამდელი არქეოლოგიური ძეგლი გათხარეს; აღმოჩენილია სალოცავი, სამარხები, ადამიანთა ნაშთები და კერამიკული ძღვენი.
„ლიმიდან 900 კილომეტრით ჩრდილოეთით, კახამარკის რეგიონში აღმოვაჩინეთ უარის კულტურის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ახ. წ. 800 – 1000 წლებით თარიღდება. ძეგლზე ნაპოვნია ორი სამარხი ოთახი, რომელიც მოიცავს მუმიების მოსათავსებელ ორმოებს და წინაპრებისათვის შეწირულ ძღვენს“, — ამბობს იაპონელი არქეოლოგი შინია უატანაბე.
თითოეული სამარხი კამერა ორ დონეს შეიცავს; კედლებზე ორივეს აქვს ხუთი ნიშა, რომლებშიც ძღვენია მოთავსებული, მაგალითად, მოლუსკის ნიჟარები, კერამიკის ფრაგმენტები და სამფეხა თეფში სამი კონუსური საყრდენით.
„დიდებული აღმოჩენაა, რადგან არქეოლოგები დიდი ხანია ეძებდნენ უარის კულტურის მტკიცებულებებს“, — ამბობს უატანაბე, რომელიც იაპონიის ნანძანის უნივერსიტეტის პროფესორია.
აღმოჩენა ხეკეტეპეკეს ხეობაში გაკეთდა, ეკვადორის საზღვართან.
უატანაბეს განცხადებით, იქ მრავალი სხვადასხვა წარმოშობის ხალხი ცხოვრობდა და წარმოადგენდა წინაპრების კულტისადმი მიძღვნილ საცერემონიო ცენტრს.
უარის კულტურა მე-7 – მე-13 საუკუნეებში ყვაოდა თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე; დაახლოებით 1100 წელს ისინი ინკების აღმავალმა იმპერიამ დაიპყრო.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.