პერუში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს
პერუში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს

პერუში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ანდაჰუაილასში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა.

პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა პერუს დედაქალაქ ლიმაში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. პერუს დედაქალაქში აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

პროტესტი სტაბილურად იზრდება გასული კვირის შემდეგ, როდესაც პერუს საკანონმდებლო ორგანომ გადააყენა მემარცხენე პრეზიდენტი პედრო კასტილო, მას შემდეგ, რაც მან კონგრესის დაშლა სცადა. პერუს ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. დინა ბოლუარტემ, ყოფილმა პროკურორმა, რომელიც კასტილოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა, მალევე დადო ფიცი მის ნაცვლად. პერუს ახალმა პრეზიდენტმა ახალი კაბინეტი წარადგინა და პრემიერ-მინისტრად ყოფილი პროკურორი – პედრო ანგულო დაასახელა.

დემონსტრანტებმა კონგრესის დაშლა, ვადამდელი არჩევნები და ახალი კონსტიტუცია, ასევე კასტილიოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.