„როიტერი“ - პერუში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ისტორიული შენობა დაწვეს, დაშავდა 50-ზე მეტი აქტივისტი
„როიტერი“ - პერუში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ისტორიული შენობა დაწვეს, დაშავდა 50-ზე მეტი აქტივისტი

პერუში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ისტორიული შენობა დაწვეს. დაშავდა 50-ზე მეტი აქტივისტი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თითქმის ერთი საუკუნის შენობას ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც პერუს დედაქალაქ ლიმაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების გამართვას ითხოვენ.

ლიმაში გამართული აქციების დროს 58 ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები კი სამართალდამცავებს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ.

პერუს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ასევე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, პუნოს რეგიონში მდებარე პოლიციის განყოფილებას.

საპროტესტო აქციები პერუში პრეზიდენტ პედრო კასტილოს იმპიჩმენტის შემდეგ არ წყდება. კასტილო პარლამენტმა მას შემდეგ, გადააყენა თანამდებობიდან, რაც მან საკანონმდებლო ორგანოს დაშლა სცადა. შედეგად კი ქვეყანას სათავეში ახალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე ჩაუდგა. ამჟამად პერუს ექვს რეგიონში კვლავ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.