პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სამართალდამცავ სექტორში დარღვევების შემცირებაზე მიუთითებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით 2018 წელს საგრძნობლად შემცირდა სამართალდამცავ სექტორში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა. ასევე, შემცირდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართვიანობა პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის გზით ან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას მონაცემების დამუშავების ფაქტებთან მიმართებით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებისა და უწყების მხრიდან გატარებული ზომების ეფექტზე მეტყველებს.
„გაზრდილია სამართალდამცველების მხრიდან ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციების ინტერესიც“, – აღნიშნულია ინსპექტორის აპარატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, დადებითი ტენდენციების პარალელურად, კვლავ არსებობს საკითხები, რომლებიც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს სამართალდამცავ სექტორში მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ასეთ საკითხებს მიეკუთვნება – ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებულ მონაცემთა არამიზნობრივი და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე მოპოვება და გამჟღავნება, პრინციპის დარღვევით შენახვა, მონაცემთა სუბიექტის არაჯეროვანი ინფორმირება, ინსპექტორისთვის შეტყობინების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა დამუშავების წესების დაცვა იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო იზრდება სამართალდამცველი ორგანოების ინტერესი, ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის მონაცემებზე. მაგალითად, 2018 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა ისეთ მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილება, როგორიცაა სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცული მონაცემები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული მონაცემები. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე მონაცემებზე წვდომა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად განსახორციელებლად, თუმცა ამავე დროს, აუცილებელია, სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვა“, – აღნიშნავენ უწყებაში.