პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტთან დრონით მიტანილი იერიშის გამო, რომელსაც ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, არავინ დაისჯება
პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტთან დრონით მიტანილი იერიშის გამო, რომელსაც ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, არავინ დაისჯება.
როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი დაეთანხმა სამხედრო მაღალჩინოსნების რეკომენდაციას, რომ მომხდართან დაკავშირებით არც ერთი სამხედრო არ უნდა დაისაჯოს.
„ის, რაც ვიხილეთ, იყო პროცესუალური მექანიზმის დარღვევა, პროცედურების დარღვევა. ეს არ ყოფილა გულგრილობა, შეცდომა ან ცუდი მართვა“, – განაცხადეს აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, ნოემბერში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალურმა ინსპექტორმა სამი საიდმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმისას დაფიქსირდა „უზუსტობა“, ასევე „ინფორმირების დროს კომუნიკაციის დარღვევა, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა მოჰყვა“.
მოგვიანებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა კენეტ მაკკენზიმ და სპეციალური ოპერაციების სარდლობის ხელმძღვანელმა რიჩარდ კლარკმა წარმოადგინეს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშების განხორციელება. ამასთან ერთად, მაღალჩინოსნების რეკომენდაციით, ქაბულში მიტანილი იერიშის გამო, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, ამერიკელი სამხედროების პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.
29 აგვისტოს, ამერიკელი სამხედროების მიერ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარე რაიონზე მიტანილი იერიშის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვი იყო.