პენტაგონმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო გაასაჯაროვა
პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო გაასაჯაროვა.
სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა. ტერორისტული დაჯგუფების შტაბზე სპეციალური ძალების რეიდის დროს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, ოპერაციის დროს სულ მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი – ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი. მაკკენზის ინფორმაციით, ალ-ბაღდადის მიერ „ქამრის“ აფეთქებას ასევე ემსხვერპლა ორი ბავშვი, რომელიც მან საიდუმლო გვირაბში თან გაიყოლა.
„ის შეძვრა გვირაბში ორ პატარა ბავშვთან ერთად და თავი აიფეთქა. ეს ოპერაცია იყო დეტალურად დაგეგმილი და შესრულებული. ის აჩვენებს აშშ-ის გლობალურ წვდომას და ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, გავანადგუროთ „ისლამური სახელმწიფო“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
ამასთან, პენტაგონში ასევე განაცხადეს, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია ნეშტის დე-ენ-ემის ანალიზმაც დაადასტურა.
კენეტ მაკკენზის თქმით, ალ-ბაღდადის ცხედარი, შეიარაღებული კონფლიქტების კანონის შესაბამისად, ზღვაში დაკრძალეს, მისი სიკვდილიდან 24 საათის განმავლობაში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა.