პენტაგონის გენერალური ინსპექტორის მოხსენების მიხედვით, პენტაგონმა აღმოაჩინა, რომ უკრაინაში გაგზავნილი დასავლური იარაღის ნაწილი გასულ წელს მოიპარეს
პენტაგონმა აღმოაჩინა, რომ უკრაინაში გაგზავნილი დასავლური იარაღის ნაწილი გასულ წელს მოიპარეს, – ამის შესახებ „სიენენი“ პენტაგონის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.
გენერალური ინსპექტორის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კრიმინალებმა, მოხალისე მებრძოლებმა და იარაღით მოვაჭრეებმა გასულ წელს უკრაინაში მოიპარეს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღისა და აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც უკრაინული ჯარებისთვის იყო განკუთვნილი.
დოკუმენტი ცხადყოფს, რომ 2022 წლის ივნისის ბოლოს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც რუსი მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა, შეუერთდა მოხალისეთა ბატალიონს ყალბი დოკუმენტებით და მოიპარა იარაღი, ყუმბარმტყორცნი და ტყვიამფრქვევი, ასევე 1 000-ზე მეტი ვაზნა, თუმცა უკრაინულმა დაზვერვამ გამოავლინა შეთქმულება.
„იარაღისა და აღჭურვილობის მოპარვის შეთქმულებები ჩაშალეს უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა და ის საბოლოოდ ამოიღეს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენება დათარიღებულია 2022 წლის 6 ოქტომბრით.
ოქტომბრის ბოლოს აშშ-მა განაახლა უკრაინის იარაღის საწყობების ადგილზე ინსპექტირება, რათა თვალყური ედევნებინა, სად მიდიოდა აღჭურვილობა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტმა მიაწოდა უკრაინელებს თვალთვალის სისტემები, მათ შორის სკანერები და პროგრამული უზრუნველყოფა, თუმცა ანგარიში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად რთული იყო აშშ-სთვის ომის პირველ დღეებში თვალყური ედევნებინა მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობისთვის, რომლებსაც უკრაინას უგზავნიდა.
როგორც „სიენენი“ წერს, ანგარიშში არავითარი რეკომენდაცია არ არის გაცემული და აღნიშნულია, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა განახორციელა გარკვეული ძალისხმევა, რათა გაეუმჯობესებინა მონიტორინგი, მათ შორის გაზარდა უკრაინაში მყოფი ინსპექტორების რაოდენობა.