პენტაგონი - რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ, აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია
რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა განაცხადა.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, დაზიანების შემდეგ უპილოტო თვითმფრინავს ფრენის შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ ჰქონდა.
პეტ რაიდერის განცხადებით, რუსეთს ამ დროისთვის ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი არ აღმოუჩენია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ზუსტად იმის შეფასებას, რაც მოხდა. მაგრამ, ვფიქრობ, რუსი მფრინავების ქმედებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს იყო სახიფათო, არაპროფესიონალური და, ვფიქრობ, ქმედებები თავისთავად მეტყველებს. რაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, იყო მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც საწვავს ასხამდა ამ უპილოტო საფრენი აპარატის წინ და შემდეგ ისე მიუახლოვდა თვითმფრინავს, რომ რეალურად დააზიანა მისი პროპელერი. ჩვენ ვაფასებთ, რომ მან შესაძლოა, გარკვეული ზიანი მიაყენა რუსულ თვითმფრინავსაც“, – აღნიშნა პეტ რაიდერმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტის გამომწვევ მიზეზად უპილოტო თვითმფრინავის „მკვეთრი მანევრირება“ დაასახელა. მოსკოვში ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან შეჯახებას უარყოფენ.
შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს გუშინ შეეჯახა.