პენტაგონი - ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებულ დარტყმაზე, თავდასხმის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდით
პენტაგონი უარყოფს ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, აშშ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმაში მონაწილეობდა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვართ პასუხისმგებელი დამასკოში მომხდარ დარტყმაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აშშ-ს არ ჰქონია წვლილი ამ დარტყმაში და ჩვენ ამის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდით“, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა, საბრინა სინგმა.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პირველ აპრილს სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოში, ირანის საკონსულოზე, რის შედეგადაც დაიღუპა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი გენერალი და სამხედრო მრჩეველი. ისრაელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ამასთან, ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელმა შეერთებულ შტატებს სირიაში მოქმედებების შესახებ შეატყობინა.