პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც გამოუცხადეს
პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ახლა უკვე კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც გამოუცხადეს. ოტავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაფიო გზავნილი მიიღოს. თუმცა, კანადელი სპორტსმენები ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.
„კანადა კვლავ ძალიან შეშფოთებულია ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. შესაბამისად, ჩვენ არ გავგზავნით დიპლომატიურ წარმომადგენლობას პეკინში ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე“, – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებს პეკინში მინისტრთა კაბინეტიდან არავინ დაესწრება.
უფრო ადრე ამ ბოიკოტის შესახებ ავსტრალიამ განაცხადა.
დიპლომატიური ბოიკოტის ინიციატორი აშშ-ია. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში, უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს. ჩინეთმა დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება და გადამწყვეტი კონტრზომების მიღებით დაემუქრა. ჩინეთში მიიჩნევენ, რომ აშშ-მა სპორტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაარღვია, ხოლო ბოიკოტის წამოყენება სიცრუესა და ჭორებზე იყო დაფუძნებული.