მექსიკა აშშ-ის და კანადის საელჩოებთან ურთიერთობებს აჩერებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ელჩების კრიტიკული განცხადებების გამო

09:48, 28.08.2024

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ მთავრობამ შეაჩერა ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ელჩებთან. მექსიკის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხია აშშ-ის და კანადის ელჩების განცხადებებზე მექსიკაში დაგეგმილ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს პაუზა“, – განაცხადა ლოპეს ობრადორმა პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ ურთიერთობების შეჩერება ეხება საელჩოებს, საიდანაც კრიტიკა მოდიოდა და არა – ქვეყნებს.

სასამართლო რეფორმის გეგმა, რომელიც მექსიკის პრეზიდენტმა წარადგინა, ქვეყანაში პროტესტისა და გაფიცვების მიზეზი გახდა, ასევე გამოიწვია კრიტიკა ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან.

გასულ კვირას აშშ-ის ელჩმა, კენ სალაზარმა მექსიკის მთავრობის მიერ წარდგენილი სასამართლო რეფორმის გეგმა დემოკრატიისთვის რისკად შეაფასა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მექსიკის კომერციულ ურთიერთობას აშშ-სთან. მექსიკის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ელჩი და განაცხადა, რომ მან დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი. ლოპეს ობრადორმა ასევე დაადანაშაულა კანადის ელჩი მექსიკის სასამართლო რეფორმის შესახებ შეშფოთების გამოხატვის გამო.

მსგავსი