მექსიკა აშშ-ის და კანადის საელჩოებთან ურთიერთობებს აჩერებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ელჩების კრიტიკული განცხადებების გამო
მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ მთავრობამ შეაჩერა ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ელჩებთან. მექსიკის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხია აშშ-ის და კანადის ელჩების განცხადებებზე მექსიკაში დაგეგმილ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს პაუზა“, – განაცხადა ლოპეს ობრადორმა პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ ურთიერთობების შეჩერება ეხება საელჩოებს, საიდანაც კრიტიკა მოდიოდა და არა – ქვეყნებს.
სასამართლო რეფორმის გეგმა, რომელიც მექსიკის პრეზიდენტმა წარადგინა, ქვეყანაში პროტესტისა და გაფიცვების მიზეზი გახდა, ასევე გამოიწვია კრიტიკა ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან.
გასულ კვირას აშშ-ის ელჩმა, კენ სალაზარმა მექსიკის მთავრობის მიერ წარდგენილი სასამართლო რეფორმის გეგმა დემოკრატიისთვის რისკად შეაფასა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მექსიკის კომერციულ ურთიერთობას აშშ-სთან. მექსიკის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ელჩი და განაცხადა, რომ მან დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი. ლოპეს ობრადორმა ასევე დაადანაშაულა კანადის ელჩი მექსიკის სასამართლო რეფორმის შესახებ შეშფოთების გამოხატვის გამო.