თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.
„პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გაჩნდა მეხუთე სართულზე, იწვოდა დაახლოებით 300 კვ.მ. ფართობი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე. ოპერატიულად იყო მობილიზებული 14 სახანძრო ცისტერნა, იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც აგვარიდა თავიდან ხანძრის გავრცელება. 300 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
ამასთან, შეკითხვაზე შენობიდან გადავარდნილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კერესელიძემ აღნიშნა: „ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გამოძიება“.