პედრო სანჩესის მთავრობა - ესპანეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში 11 ქალი და 6 კაცია
პედრო სანჩესის მთავრობა - ესპანეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში 11 ქალი და 6 კაცია

ესპანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სოციალისტმა პედრო სანჩესმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უკვე დააკომპლექტა.

წინა ხელისუფლებისგან და ევროპის არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ესპანეთის ახალ მთავრობაში გენდერული ბალანსი არ დარღვეულა. 11 მინისტრი ქალი და 6 მინისტრი კაცი მუშაობას უკვე შეუდგა.

ახალ მინისტრებს შორისაა მარგარიტა რობლესი – სადაზვერდო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ესპანეთის ახალ მთავრობაში კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მწერალი მაქსიმ უერტა დაინიშნა, რომელიც ესპანეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – Premio Primavera-ს ლაურეატია.

 

ვინ არის პედრო სანჩესი

46 წლის პედრო სანჩესის პოლიტიკური კარიერა აღმავლობა, დაცემა და ხელახლა აღმავლობაა. რამდენიმე წლის წინ, არჩევნებში დამარცხება მისი კარიერის ეპილოგს ჰგავდა. მის მიმართ თავად სოციალისტურ პარტიასაც კი დაეკარგა ნდობა, თუმცა 2017 წელს პროფესიით ეკონომისტმა პედრო სანჩესმა პოლიტიკური რეინკარნაცია მოახდინა.

წარსულში გაეროსა და ევროპარლამენტში სამუშაო გამოცდილების მქონე სანჩესი, ესპანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერად 2014 წელს აირჩიეს. 2015 და 2016 წლებში ესპანეთში გამართულ საყოველთაო არჩევნებში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოის „სახალხო პარტიასთან“ დამარცხების შემდეგ, სანჩესმა კონგრესის წევრობაზე უარი თქვა. მან სოციალისტური პარტიის ლიდერის თანამდებობაც დატოვა.

ამ პერიოდში სანჩესმა პოლიტიკური კარიერა უნივერსიტეტში ლექციების კითხვით ჩაანაცვლა, 2017 წლიდან კი კვლავ სოციალისტური პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე დაბრუნდა. იგი პრემიერ-მინიტრად 2018 წლის 2 ივნისს აირჩიეს, როცა ესპანეთის პარლამენტმა მარიანო რახოის უნდობლობა გამოუცხადა.

 

სანჩესის „კატალონია“

სარსუელას სასახლეში მეფე ფელიპე მეექვსეს წინაშე ფიცის დადების შემდეგ, პედრო სანჩესმა მემკვიდრეობად კატალონიის რეგიონულ მთავრობასთან გართულებული ურთიერთობა მიიღო. დღეს კატალონიის მთავრობის მეთაური ესპანეთის სამეფოდან გამოყოფის მომხრე კიმ ტორაა, რომელიც რადიკალიზმითა და მადრიდელების მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გამოირჩევა.

კატალონიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, პედრო სანჩესი რახოისგან განსხვავებით, დიალოგის მომხრეა. პირისპირ შეხვედრისთვის მზადყოფნა კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კიმ ტორამაც გამოთქვა, თუმცა შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

ამასთანავე, კატალონიის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანჩესი, ისევე როგორც ესპანეთის სოციალისტური პარტია, კატალონიაში მომძლავრებული სეცესიონისტური განწყობის ჩახშობასა და არსებული პრობლემის გადაჭრის გზად ესპანეთის ფედერალიზაციას ხედავს.