პედრო სანჩესი - გრანადაში ვხსნით დებატებს, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის რეფორმამდე, ამას ექნება ბევრი შიდა გამოწვევა, რომ შევძლოთ იმ ქვეყნების მიღება, რომლებიც კარზე დიდხანს აკაკუნებენ
გვსურს, მთელ მსოფლიოს გავუგზავნოთ შეტყობინება, რომ ევროპა არის მშვიდობის პროექტი და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ დღეს და ხვალ გრანადაში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთში მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, მზად არიან, დაეხმარონ უკრაინელ მეგობრებს ომის დასრულებამდე.
„ევროპელ ლიდერებს უკრაინისთვის შეუძლიათ უზრუნველყონ უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ერთობა და, რა თქმა უნდა, დახმარება, არა მხოლოდ ევროპული მთავრობებისგან, არამედ ევროპული საზოგადოებებისგან. ვფიქრობ, ყველა ევროპელი მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში ამ ომის დასრულებამდე. ჩვენ გვაქვს დებატები, რომლებიც უნდა ჩავატაროთ. ჩვენ ევროკაშირში ვფიქრობთ „მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს“ რეფორმაზე, რაც არის ფინანსური ჩარჩო ყველა ფინანსური რესურსის მიმართვისთვის უკრაინის დასხმარებლად მომდევნო წლებში. დღეს გრანადა არის ევროპის დედაქალაქი, მშვიდობის დედაქალაქი. დღის ბოლოს ეს ქალაქი წარმოადგენს ბევრ რამეს. მნიშვნელოვანია განსხვავებული კულტურებისა და ცივილიზაციების პატივისცემა. ჩვენ გვსურს, მთელ მსოფლიოს გავუგზავნოთ შეტყობინება, რომ ევროპა არის მშვიდობის პროექტი და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ დღეს და ხვალ გრანადაში. ჩვენ ვხსნით გრანადაში დიდ დებატებს, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის ღრმა რეფორმამდე, რათა მომდევნო წლებში გავფართოვდეთ, რომ მივიდეთ ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 35-წევრიან გაერთიანებამდე. ამას ბევრი შიდა გამოწვევა ექნება, რათა დავრჩეთ ეფექტური და შევძლოთ იმ ქვეყნების მიღება, რომლებიც კარზე დიდხანს აკაკუნებენ ამ საერთო პროექტში, ეს არის ევროკავშირი“, – განაცხადა პედრო სანჩესმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე.
ესპანეთში მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში.