პედრო სანჩესი - ჩვენ არ გვჭირდება სავაჭრო ომი, ვფიქრობ, უნდა ავაშენოთ ხიდები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი არ უნდა იყოს და სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით ორივე მხარე უნდა მივიდეს კონსენსუსამდე.
ეს განცხადება ესპანეთის პრემიერმა ჩინეთში ვიზიტის დროს გააკეთა.
ევროკავშირი უახლოეს მომავალში გეგმავს კენჭისყრის ჩატარებას ჩინეთსა და ევროკავშირში წარმოებული ელექტრომობილების ტარიფებთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სანჩესი, მხარი დაუჭიროს ტარიფების საკითხს, სანჩესი პასუხობს: „გულწრფელი უნდა ვიყო, ჩვენ უნდა გადავხედოთ პოზიციებს, ყველა ჩვენგანმა. არა მხოლოდ წევრმა სახელმწიფოებმა, არამედ კომისიამაც“.
ამასთან, პედრო სანჩესმა აღნიშნა: „ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი ომი, ამ შემთხვევაში – სავაჭრო ომი. ვფიქრობ, უნდა ავაშენოთ ხიდები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება ესპანეთს, ვიქნებით ძალიან კონსტრუქციულები და ვეცდებით, ვიპოვოთ კომპრომისი ჩინეთსა და ევროკომისიას შორის“.
ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლების გარდა, ჩინელ ბიზნესმენებსაც შეხვდა.