პაველ დუროვი არ გამორიცხავს, რომ „ტელეგრამმა“, შესაძლოა, საფრანგეთი დატოვოს
„ტელეგრამის“ დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა „მცდარ მიდგომად“ შეაფასა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ, როგორც „ტელეგრამის“გენერალური დირექტორის მიმართ, წაყენებული ბრალდებები იმ დანაშაულებში, რომლებსაც ამ პლატფორმაზე სხვა პირები ჩადიან.
დუროვმა განმარტა, რომ არცერთი ინოვატორი არ შექმნის ახალ ტექნოლოგიებს, თუ ეცოდინება, რომ შეიძლება პირადად აგოს პასუხი მომხმარებლების მიერ ამ ტექნოლოგიების შესაძლო ბოროტად გამოყენებისთვის.
ეს იყო დუროვის პირველი საჯარო კომენტარი საფრანგეთში დაკავებაზე.
დუროვმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას შეეძლო, დაკავებამდე დაჰკავშირებოდა მას „მრავალი საშუალებით“, მათ შორის საფრანგეთის საკონსულოს მეშვეობით დუბაიში, სადაც ის „ხშირი სტუმარი“ იყო.
„ზოგიერთი მედიის მტკიცება, რომ „ტელეგრამი“ არის რაღაც ანარქისტული სამოთხე, სრულიად მცდარია“, – განაცხადა დუროვმა და დასძინა, რომ მისი გუნდი ყოველდღიურად შლის „მილიონობით მავნე პუბლიკაციას და არხს, თუმცა მესენჯერის მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ გაამარტივა მისი ბოროტად გამოყენება“.
მისივე თქმით, დაკავების შემდეგ „ტელეგრამი“ გახდება „უფრო უსაფრთხო და ძლიერი“.
პაველ დუროვმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ „ტელეგრამი“ წყვეტს მუშაობას იმ ქვეყნებში, სადაც კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას შორის „სწორი ბალანსის“ მიღწევა ვერ ხერხდება.
„ჩვენ ეს ბევრჯერ გავაკეთეთ. როდესაც რუსეთმა მოგვთხოვა ე.წ. შიფრის გასაღებების გადაცემა, უარი ვთქვით და „ტელეგრამი“ რუსეთში აიკრძალა“, – განაცხადა დუროვმა
მისივე თქმით, მსგავსი სიტუაცია იყო ირანში, როდესაც ამ ქვეყნის ხელისუფლება ითხოვდა „მშვიდობიანი დემონსტრანტების“ არხების დაბლოკვას.
„მზად ვართ დავტოვოთ ის ბაზრები, რომლებიც შეუთავსებელია ჩვენს პრინციპებთან, რადგან ჩვენ ამას ფულის გამო არ ვაკეთებთ“, – განმარტა დუროვმა.