„ტელეგრამის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კორპორაცია, ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, მომხმარებელთა IP მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს გაამხელს
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი აცხადებს, რომ კორპორაცია, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, გაამხელს იმ მომხმარებლების IP მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს, რომლებიც არღვევენ „ტელეგრამის“ წესებს.
მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში „ტელეგრამის“ მოდერატორებმა საძიებო სისტემიდან წაშალეს ყველა პოტენციურად საზიანო კონტენტი.
„თუ „ტელეგრამი“ მიიღებს შესაბამისი სასამართლო ორგანოების მიერ გაცემულ განკარგულებას, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ხართ ეჭვმიტანილი ტელეგრამის მომსახურების პირობების დარღვევასა და დანაშაულებრივ საქმიანობაში, ჩვენ ჩავატარებთ მოთხოვნის სამართლებრივ ანალიზს და შესაძლოა, გავამჟღავნოთ თქვენი IP მისამართი და ტელეფონის ნომერი“, – ნათქვამია „ტელეგრამის“ წესების ახალ რედაქციაში.
მანამდე „ტელეგრამის“ წესებში მითითებული იყო, რომ მომხმარებლების IP მისამართები და ტელეფონის ნომრები შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი ორგანოები მათ ტერორიზმში ეჭვმიტანილებად მიიჩნევენ.
გარდა ამისა, როგორც რუსული მედია წერს, „ტელეგრამის“ გამჭვირვალობის შესახებ ანგარიში წელიწადში, ორის ნაცვლად, ოთხჯერ გამოქვეყნდება.
ცნობისთვის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. პარიზის პროკურატურის განცხადებით, დუროვი ეჭვმიტანილია „ტელეგრამის“ ადმინისტრირებისას უმოქმედობაში, რაც უკავშირდება პლატფორმის მიერ ჩადენილ ფინანსურ და კიბერდანაშაულებს. გამოძიება 12 სავარაუდო დანაშაულზე მიმდინარეობს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმაზე; არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობაზე; ნარკოტიკების გავრცელებაზე; ჰაკერობასა და თაღლითობაზე.
დუროვმა, რომელიც სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, განაცხადა, რომ მზადაა, სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს.