„პატრიოტთა ალიანსმა“ 2004-2011 წლებში საქართველოში ადამიანთა წამების ფაქტებზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა
„პატრიოტთა ალიანსმა“ 2004-2011 წლებში საქართველოში ადამიანთა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. განცხადებას „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებმა მოაწერეს ხელი.
ამასთან, პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დანაშაულებების გამოძიება არაერთხელ მოითხოვეს.
,,დღეს ჩვენ მორიგ ჯერზე შევიტანთ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად განცხადებას. მკაფიოდ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით. ეს დადგენილება ეხება 2004-2011 წლებში ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა წამების, არაადამიანური მოპყრობის, ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტებს. ათასობით ფაქტია მოყვანილი ამ დადგენილებაში და კონკრეტული ჩვენებები არის წარმოდგენილი.
ეს დადგენილება პირდაპირ და მკაფიოდ ამბობს, რომ ამ დანაშაულებს ორგანიზებას უწევდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაშინდელი ქვეყნის პირველი პირები. ახლა ვსაუბრობ სააკაშვილზე, ბოკერიაზე, ვსაუბრობ სხვა პირებზე, რომლებიც იმ პერიოდში წარმოადგენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებას. 2016 წლის ეს დადგენილება ავალდებულებს პროკურატურას, დაიწყოს ამ საქმეების ფუნდამენტური გამოძიება. ხაზს ვუსვამ, დაიწყოს ამ საქმეებზე ფუნდამენტური გამოძიება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.