„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი - ზესტაფონის საკრებულოში 18 პირზე პრემია გაიცა
ზესტაფონის საკრებულოში საახალწლოდ 18 პირზე პრემია გაიცა, – ამის შესახებ მედიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, საკრებულოს დეპუტატმა გიგა გაბრიჭიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრძანება 21 დეკემბერს დაიწერა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე აწერს ხელს.
გიგა გაბრიჭიძის განცხადებით, პრემია ძირითადად საკრებულოს თანამდებობის პირებზე და კომისიის თავმჯდომარეებზე გაიცა.
გაბრიჭიძის თქმით, ყველაზე დიდი ოდენობის პრემია – 2650 ლარის ოდენობით, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ გამოიწერა.
„პრემია გაცემულია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიის თავმჯდომარეებზე და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებზე“, – აცხადებს გიგა გაბრიჭიძე.
პატრიოტთა ალიანსის წარმომადენელი პრემიერს მიმართავს, აღნიშნული პრემია-დანამატების გაცემა შეაჩეროს.
„200 ათასი ლარით გაიზარდა ზესტაფონის ბიუჯეტი, საიდანაც მხოლოდ 70 ათასი განისაზღვრა სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად. ეჭვი მაქვს, დანარჩენ თანხას ხელისუფლება საკუთარ პრემია-დანამატებში გამოიყენებს”, – განუცხადა პირველ არხს გიგა გაბრიჭიძემ.