პასკალ მენიე - სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს საერთაშორისო სამართალთან მიმართებით
სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა.
„როგორც იცით, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი 26 მაისს საქართველოში იმყოფებოდა, სადაც მან ნათლად თქვა, რომ საფრანგეთი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ეს არის ჩვენი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გზავნილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ საერთაშორისო კონფერენციაზე საფრანგეთი იდგება ამ პოზიციაზე. ჩვენთვის სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება არ ნიშნავს არაფერს საერთაშორისო სამართალთან შეხებაში.
არ ვიცი, რა ცვლილებები მოჰყვება ამას რეგიონში, თუმცა ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს. ამ ეტაპზე, ვიცით, რომ საქართველომ დაიწყო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები“, – განაცხადა პასკალ მენიემ.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .