პასკალ მენიე - ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბევრი ფრანგი ჩამოდის, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო
პასკალ მენიე - ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბევრი ფრანგი ჩამოდის, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბევრი ფრანგი ჩამოდის, ეს ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, მაგრამ მას იქ ბევრი მეგობარი ჰყავს.

„ბევრი ფრანგი ჩამოდის, რაც საკმაოდ ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო. მან უარი თქვა მოქალაქეობაზე და ეს მაშინ საფრანგეთის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, თუმცა მას საფრანგეთში ბევრი მეგობარი ჰყავს. ასე რომ ვფიქრობ, ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის კარგი საშუალებაა, რადგან საერთაშორისო მასშტაბით მეტ ყურადღებას მოიზიდავს“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე დასასწრებად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ხვალ ჩამოვა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საფრანგეთის წარმომადგენელი ნიკოლა სარკოზი ყოფილიყო. როგორც იცით, სარკოზიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2008 წელს, ის იყო ევროკავშირის თავმჯდომარე და ძალიან აქტიური იყო იმ გამოსავლების ძიებაში, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის იმ საშინელ მომენტში ცეცხლის სწრაფად შეწყვეტას მოემსახურებოდა.

ის ხვალ ჩამოვა, დელეგაციაში სხვა ყოფილი მინისტრიც გვყავს, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა, რადგან როგორც იცით, ჩვენ საქართველოს საპენსიო ფონდის რეფორმის თანადამფინანსებლები ვართ და ის ამ კუთხით ფრანგული გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.