„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ ზუგდიდში წარადგინა ზუგდიდის, წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუ-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ზურაბ ჯინჯოლავა, ხოლო წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოჩა ბახია წარადგინეს.
კახა კუკავამ მხარდამჭერებს პარტიის პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო.
„ჩვენი ამოცანაა, სამეგრელოს და მთელს საქართველოს მივცეთ ალტერნატივა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის, ვაისა და ვუის შორის, კიდევ ჰქონდეს ხალხს არჩევანი. „თავისუფალ საქართველოს“ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არც შევარდნაძის, არც სააკაშვილისა და არც ივანიშვილის ნავში არ მჯდარა და ჩვენ გვინდა იმ გენერალური ხაზის გაგრძელება, რომლის სათავეშიც იდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა“, – განაცხადა კახა კუკავამ.
კახა კუკავამ ვრცლად ისაუბრა პარტიის პროგრამზეც. მისი თქმით, „თავისუფალ საქართველოს“აქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი ეკონომიკის აღორძნებასთან, იაფ მედიკამენტებთან, საბანკო მევახშეობის აკრძალვასთან.
„ხაზარაძეც კი ითხოვს მევახშეობის აკრძალვას, მაგრამ ჩვენ ამას ვითხოვთ უკვე წლების მანძილზე და თუ გვექნება სამეგრელოს მხარდაჭერა, ბუნებრივია, ამ რეგიონის იმედი გასაგები მიზეზების გამო გვაქვს განსაკუთრებულად, ვფიქრობთ, 2020 წლიდან დავიწყებთ შემობრუნებას და აი, ამ ძალიან დიდი სიბნელის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც 1992 წლის 6 იანვრიდან არის წყვდიადი და უკუნი საქართველოში“, – აღნიშნა კახა კუკავამ.