გრიგოლ ვაშაძემ მოქალაქეებს მიმართა - ყველაფერი თქვენზეა, ემიგრაციაც კი არ გიშველით, მძიმეა ქართველისთვის სამშობლოს გარეთ ცხოვრება, ცოცხი უნდა ავიღოთ და ჩვენი სახლი დავალაგოთ, ამის გამკეთებელი სხვა არავინ არის
გრიგოლ ვაშაძემ მოქალაქეებს მიმართა - ყველაფერი თქვენზეა, ემიგრაციაც კი არ გიშველით, მძიმეა ქართველისთვის სამშობლოს გარეთ ცხოვრება, ცოცხი უნდა ავიღოთ და ჩვენი სახლი დავალაგოთ, ამის გამკეთებელი სხვა არავინ არის

როგორც რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, როგორ შეიძლება, ევროპელობაზე გვქონდეს პრეტენზია და არ გვქონდეს გადადგმული ელემენტარული ნაბიჯები, რაც საქართველოს მისცემდა ნორმალურ სასამართლოს, დემოკრატიულ სისტემას და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან იდეებით და არა კომპრომატებით, ჩანაწერებით, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ თბილისის მერობისა და მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „მესამე ძალა“ არის ტრიბუნა და ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მოქალაქემ ზუსტად გაიგოს რეალობა, იმ ხალხის ხმა, ვისაც სახელმწიფოს და მოქალაქეების კეთილდღეობის გარდა არაფერი აინტერესებს.

„როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, როგორ შეიძლება, 30 წელი იგივე სიტყვებით და ემოციით ვახასიათებდეთ, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში. როგორ შეიძლება, ევროპელობაზე გვქონდეს პრეტენზია და არ გვქონდეს გადადგმული ელემენტარული ნაბიჯები, რაც საქართველოს მისცემდა ნორმალურ სასამართლოს, დემოკრატიულ სისტემას და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ერთმანეთს იდეებით ებრძვიან და არა კომპრომატებით და ჩანაწერებით.

როგორ შეიძლება, რომ ერთი და იგივე ჟურნალისტი 30 წელიწადი ერთი და იგივე ტერმინებით და გამოთქმებით ლაპარაკობდეს ხელისუფლებაზე, ხშირად ოპოზიციაზეც. იცვლება მხოლოდ კრიტიკის ობიექტი, სხვა არაფერი. თუ ჩვენ კარდინალურად არ შევცვალეთ ჩვენი ყოფა და არ დავიწყეთ ეროვნულ გზაზე სიარული, თუ არ მივხვდით, რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, რომ მარტო არ დავრჩეთ ჩვენი მთავარი მტრის წინაშე, დავკარგავთ სახელმწიფოს. ის, რაც დღეს ხდება, სიურპრიზები, როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკაში, სულ უფრო და უფრო უმტკიცებს აზრს სკეპტიკოსებს, რომ ქართველები არ იმსახურებენ თავიანთ სახელმწიფოს.

თუ ჩვენ ეს უმოკლეს ვადაში არ გადავტეხეთ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ა.შ. ისტორია შანსს აღარ მოგვცემს. „მესამე ძალა“ არის ტრიბუნა, იდეოლოგია და ინსტრუმენტი, რომ საქართველოს მოქალაქემ ზუსტად გაიგოს რეალობა, იმ ხალხის ხმა, ვინც პარტიული მესიჯბოქსიდან არის გამოსული და არაფერი აინტერესებს გარდა ამ სახელმწიფოს და მოქალაქეების კეთილდღეობისა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან მოქალაქეებს მიმართა, 2 ოქტომბერს გააზრებული არჩევანი გააკეთონ.

„ნუ შეხედავთ ამ არჩევნებს, როგორც ვალის მოხდას. გონიერად და დაფიქრებულად, გულითაც და გონებითაც გააკეთეთ არჩევანი, მიეცით ხმა „მესამე ძალას“, რომ მთელი პროტესტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში დაგიგროვდათ, სწორად იყოს მიმართული, ბოლოს და ბოლოს ამ სახელმწიფომ დაიწყოს ნორმალური განვითარების გზაზე სიარული. ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, ყველაფერი თქვენზეა, ემიგრაციაც კი არ გიშველით. ძალიან მძიმეა ქართველისთვის სამშობლოს გარეთ ცხოვრება. ჩვენს სახლში ცოცხი უნდა ავიღოთ და ჩვენი სახლი დავალაგოთ, სხვა ამის გამკეთებელი არავინ არის“, – მიმართა მოქალაქეებს გრიგოლ ვაშაძემ.