პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ჯამბულ ნაჭყებია წარადგინა
დღეს პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჯამბულ ნაჭყებია წარადგინა.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ რეგიონებში კანდიდატების წარდგენას ზუგდიდიდან იწყებს, რადგან სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს გაერთიანებისა და წარმატების გზაზე.
მარიამ ჯაშმა შეკრებილებს პარტიის მთავარი მიმართულებები გააცნო.
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ იწყებს რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენას. ამ პროცესს ვიწყებთ ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, რადგან მიგვაჩნია, რომ სამეგრელო არის განსაკუთრებული ღირებულების მატარებელი მხარე საქართველოს ერთიანობისთვის. ჩვენი მთავარი მიმართულებებია, სიღარიბის დაძლევა და მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადების განახევრება იმ პირებისა და ოჯახებისთვის, ვისი შემოსავალიც 1000 ლარამდეა, ღირსეული საცხოვრისის უზრუნველყოფა ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, დევნილებისთვის“, – განაცხადა ჯაშმა.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი დაესწრნენ.