პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვს
პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვს

პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი შეიტანა, რომელშიც ითხოვს, დიდგორობა სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდეს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ამ დღესასწაულს უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა აქვს და საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში.

„წელს სრულდება დიდგორის ბრწყინვალე გამარჯვების 900 წლისთავი, საიუბილეო თარიღია. აქედან გამომდინარე, მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა გაბედონ და დიდგორობა გამოაცხადონ, როგორც საერთო, სახალხო, სახელმწიფო დღესასწაული. წლების განმავლობაში, ეს ვერ ხერხდებოდა. იყო ყურით მოთრეული არგუმენტები, თითქოსდა თურქული მხარე და თურქეთის ხელისუფლება იყვნენ ამისი წინააღმდეგი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩვენი ვიზიტის შედეგად, თურქეთის ელჩთან საკმაოდ კეთილ საუბარში, საკმაოდ კონსტრუქციულ საუბარში გაირკვა, რომ თურქეთის სახელმწიფოს არც გააჩნდა და არც გააჩნია არანაირი პრეტენზია დიდგორობის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას არგუმენტები აღარ დავუტოვეთ იმისა, თუ რატომ უნდა თქვას მან უარი დიდგორობის დღესასწაულის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებაზე. ამ მიზნით შევადგინეთ ახალი დოკუმენტი, შევიტანეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის მთავრობა, მაინც შეძლებს და გაბედავს, გამოაცხადებს დიდგორობას, როგორც სახელმწიფო დღესასწაულად“, – განაცხადა „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.