პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძეს მოუსმენენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ქეთევან ცინცაძის მოსმენა გაიმართება. ის რიგით მეთვრამეტე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტში მოუსმენენ. ქეთევან ცინცაძე ამჟამად დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას იკავებს.
ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ქეთევან ცინცაძე „სასამართლო კლანთან“ დაახლოებულია პირია.
„არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ მოსამართლეობის ეს კანდიდატიც დაახლოებულია „ჩინჩალაძე- მურუსიძის კლანთან“ და სწორედ ამიტომ მოხდა მისი ნომინირება. ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს ამ თემაზე კითხვების დასმა, ისევე, როგორც ზოგადად, სასამართლო დამოუკიდებლობაზე, რასაც ჩვენ ყველა სხვა კანდიდატსაც ვუსვამთ ხოლმე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, სასამართლოში არსებული „კლანის“ მეშვეობით მათზე დაქვემდებარებული პირები გაიყვანოს.
„ჩვენი ამოცანა, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში არის, რომ შევაფასოთ ამ კანდიდატების კეთილსინდისიერება, ასევე მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება. ცხადი გახდა, თუ როგორი მძიმე მდგომარეობა გვაქვს სასამართლოში და როგორ ცდილობს მართლაც ხელისუფლება სასამართლოში არსებული „კლანის“ მეშვეობით თავისთვის დაქვემდებარებული ადამიანები გაიყვანოს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ, როგორც კეთილსინდისიერების, ისე პროფესიონალიზმის კუთხით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ გადაწყვეტენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანდიდატის მიმართ მწვავე კითხვები ექნებათ.
„არ იქნება გამონაკლისი არც ქალბატონი ქეთევანი და ვინც ყურს უგდებს კითხვებს, ვინც თვალს ადევნებს იმ პროცესს, რომელიც კომიტეტის სხდომებზე მიმდინარეობს, კარგად ესმის, რომ ხდება ძალიან მწვავე კითხვების დასმა კანდიდატებისთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების მიზნით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირას დასრულდება და პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს. უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილია.