პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, პაატა სილაგაძეს დღეს მოუსმენს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, კანდიდატთან ძირითადი შეკითხვები მის ბიოგრაფიასთან და წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ.
„ჩვენ მოვუსმენთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს ბატონ პაატა სილაგაძეს. შეკითხვები დაკავშირებული იქნება, როგორც მის საქმიანობასთან, მის ბიოგრაფიასთან და ასევე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში თუ პარლამენტის წევრებს შორის“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პაატა სილაგაძე ერთ-ერთია იმ ათკაციანი სიიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დეკემბერში, წარმოადგინა.
„ის მოიაზრება, როგორც კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი. მასთან გვაქვს კითხვები, როგორც საბჭოში მის საქმიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით, ასევე, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებთან მისი ოჯახის კავშირებზე“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
პაატა სილაგაძე 2008 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი. 2013 წლის 9 ივნისს ის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომაზე აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.