პაატა სილაგაძე - ერთი შანსი ყველას უნდა მიეცეს, განსაკუთრებით არასრულწლოვანს, რადგან მისი ფსიქოლოგია მყიფეა
პაატა სილაგაძე - ერთი შანსი ყველას უნდა მიეცეს, განსაკუთრებით არასრულწლოვანს, რადგან მისი ფსიქოლოგია მყიფეა

ვფიქრობ, რომ ერთი შანსი ყველას უნდა მიეცეს, განსაკუთრებით არასრულწლოვანს, რადგან მისი ფსიქოლოგია მყიფეა და იქნებ რაიმე შანსით გამოსწორდეს, – ასე უპასუხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა სილაგაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ დასმული კითხვას.

პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკით დაინტერესდა.

პაატა სილაგაძემ კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირის რესოციალიზაცია მნშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში და ზოგადად არასრულწლოვნებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა ფსიქოლოგია იმდენად მყიფეა, რომ მათი შეცდენა და გზიდან გადახვევა ადვილია.

ცოტა ხნის წინ მქონდა არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიების საქმის განხილვა. ძარცვისა და ქურდობის ეპიზოდები ჰქონდა. რომ ვკითხე, რატომ ჩაიდინე-მეთქივიფიქრეო, რომ ერთ შემთხვევაში რადგან შემრჩა, მეორედაც შემრჩებოდაო. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული ამ ადამიანს და ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოში. ბრალდებულმა მომმართა და მითხრა – გეხვეწები, მე იქ რაც დავინახე, ცხოვრებაში ამას მეორედ აღარ ჩავიდენო. მითხრა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდად არავინ მექცეოდაო, ყველა პატივს მცემდაო, მაგრამ ის მაინც რა ყოფილა, დავინახე და მივხვდიო.

მე ვფიქრობ, რომ ერთი შანსი ყველას უნდა მიეცეს. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვანს განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი ფსიქოლოგია მყიფეა და იქნებ რაიმე შანსით გამოსწორდეს. დარბაზში წარმომადგენელი იყო მისი დედა, დარბაზის გარედან, ფანჯრიდან ჩანდა მამა. ბრალდებულს ძალიან მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა და ავუხსენი მას, ვუთხარი, რომ შენი კონკრეტული საქციელი შენს მშობლებზეც აისახება, საზოგადოებაზეც და შენს მომავალზეც, და იქნებ დაფიქრდე ამასთან დაკავშირებით. შევუცვალე აღკვეთის ღონისძიება გირაოთი და მისი სახე უნდა გენახათ, მიყვარხართო და ბედნიერი გამოვიდა დარბაზიდან. მე ვუთხარი, შენ თუ ამ რწმენას გამიცრუებ, მე ძალიან გული დამწყდება-მეთქი. ვთქვათ, თუ ეს ადამიანი ამ გადაწყვეტილებით, ჩემი ნდობით და კანონის ნდობით გარეთ გამოვიდა და მისი რესოციალიზაცია აქვე მოხდება, ძირში, საზოგადოებას კიდევ ერთი დადებითი ადამიანი ეყოლება და საზოგადოება უფრო განვითარდება“, – განაცხადა პაატა სილაგაძემ.