პარლამენტში შალვა თადუმაძეს მოუსმენენ
პარლამენტში შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ.

თადუმაძესთან შეხვედრა და მისი კანდიდატურის განხილვა ჯერ იურიდიულ საკითხთა ​კომიტეტშია დაგეგმილი, ხოლო შემდეგ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. უმრავლესობის წევრები შალვა თადუმაძე ახასიათებენ, როგორც თავისი საქმის პროფესიონალს. დეპუტატები ასევე იურიდიულ სფეროში მის გამოცდილებას უსვამენ ხაზს.

„შალვა იყო ძალიან პრინციპული ადამიანი, პრინციპული იურისტი, ყოველთვის ამით გამოირჩეოდა. შესაბამისად, ჩემი მხარდაჭერა შალვას, ბუნებრივია, ექნება. მგონია, რომ უმრავლესობაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან დიდი უმრავლესობა ამ პოზიციას უკვე აფიქსირებს, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუსმენთ მის ხედვებს პროკურატურის რეფორმირებასთან, გაძლიერებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შალვა თადუმაძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო უმცირესობა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ თადუმაძე ხელისუფლების მიერ იქნება მართული.

„ბატონი თადუმაძე არ პასუხობს არც ერთ კრიტერიუმს. თვითონ წინა პრემიერმა და ახლანდელმა პრემიერმა დაგვისახელეს, როცა პირობა დადეს სახალხო პროტესტის ფონზე, რომ ახალი პროკურორი იქნებოდა ფართო საზოგადოების კონსენსუსის საგანი, გამჭირვალე პროცესის შედეგად შერჩეული. ის იყო ივანიშვილის ადვოკატი, მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი, არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება ამ სფეროში. შემდეგ დანიშნეს ისე, ქალბატონმა წულუკიანმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხალხს არც ენახა დისკუსია და შეედარებინა ის სხვა კანდიდატებთან, ანუ ის რაც დღეს ხდება პროკურორთან დაკავშირებით, არის სრულიად საპირისპირო იმისი, რაც უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, შალვა თადუმაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. არჩევის შემთხვევაში, თადუმაძე პროკურორის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.