საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტში დღეს იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართება.
სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვლენ: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. სოფო ქაცარავას თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველო 20 წლის წინ გაწევრიანდა ევროპის საბჭოში. ესეც გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა იმისათვის, რომ ქვეყანაში გატარებულიყო დემოკრატიული რეფორმები. ჩვენ წელს აღვნიშნავთ ამ საიუბილეო თარიღს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. პარლამენტში იგეგმება საზეიმო გახსნა, სადაც ასამბლეის პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს პარლამენტს. ამავე ფორმატში გათვალისწინებულია პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გამოსვლები. ზოგადად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა. მათი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა რეფორმები, რომლებიც გავატარეთ, რასაც მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში და რაც გვაქვს სამომავლოდ დაგეგმილი დემოკრატიის კუთხით, კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკის განცხადებით, 20 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა მისი თქმით, გამოწვევები კიდევ რჩება.
„საქართველო 20 წლის წინ გაწევრიანდა ევროპის საბჭოში. ეს იყო ისტორიული მომენტი. ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ – ყველას გვახსოვს. გაწევრიანების შემდეგ საქართველომ მოახდინა გარღვევა, როცა მოხდა ვარდების რევოლუცია, რამაც შესაძლებელი გახადა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. დღეს იმ პრობლემების ნაწილი, რომლებიც ოცი წლის წინ იდგა, გადაიჭრა. მაგალითად, ბევრი ინსტიტუცია, რომელიც არ მუშაობდა მაშინ, ახლა მუშაობს. მაგალითად, მისაღებ გამოცდებზე აღარ არის საჭირო ქრთამი. მაგრამ ბევრი პრობლემა და განსაკუთრებით, რაც ახლა აქტუალურია და ყველაზე მწვავედ გვესმის ამ დღეებში – სასამართლოს პრობლემა, ისევ დგას დღის წესრიგში“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
საქართველოს პარლამენტში საზეიმო სხდომის გახსნამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება.
ლილიან მორი პასკიე საქართველოს 28 აპრილს ეწვია. გუშინ ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანსა და სოფელ ოძისში იმყოფებოდა.