პარლამენტში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვა გადაიდო
პარლამენტში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვა გადაიდო

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა გადაიდო.

გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების ერთობლივ  სხდომაზე, კლინიკებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ მიიღო.

მათი თქმით, დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც სამედიცინო საქმიანობის წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციების ზრდას და სასამართლოს განჩინების გარეშე კლინიკების შემოწმებას გულისხმობდა, სამედიცინო დაწესებულებებთან განხილული არ ყოფილა, ამიტომ ოპოზიციამ და ბიზნესსექტორმა საკითხზე სხვადასხვა ფორმატში მსჯელობა და კენჭისყრაზე შემდეგ გამოტანა მოითხოვეს.

სხდომაზე მყოფმა საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელმა არჩილ ჩუხრუკიძემ განაცხადა, რომ ცვლილებების კენჭისყრამდე აუცილებელია მისი სხვადასხვა ჯგუფთან განხილვა.

„ეს დოკუმენტი პირადად მე მხოლოდ გუშინ ჩამივარდა ხელში. ქალბატონმა თამარმა რამდენჯერმე პასუხს აარიდა თავი. ამ დოკუმენტში წერია, რომ არცერთ ასოციაციასთან, არცერთ დარგობრივ, საერთაშორისო ექსპერტთან ეს დოკუმენტი არ განხილულა. ჩვენი თხოვნაა, კენჭი არ ვუყაროთ. დავსხდეთ, განვიხილოთ ჩვენი, ასოციაციების, ბიზნესის ჩართულობით და შემდეგ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, რადგან თუ ეს არ არის განხილული ასოციაციების დონეზე, გვექნება იგივე შედეგი, რაც გვაქვს 520-ე დადგენილების შემდეგ, რომელმაც კარდიოლოგია და კარდიოქირურგია პრაქტიკულად ჩამოაქცია. არანაირი შეხვედრები. მინდა, ქალბატონ თამარს მივმართო, 10 იანვრის შემდეგ არ გამართულა 520-ე დადგენილების არცერთი მოცემულობა და არცერთი კაზუსი, როგორც პრემიერმა ბრძანა, არ გასწორებულა უკვე რვა თვეა. როდესაც ჩვენ ასეთ ნაჩქარევ რაღაცებს ვიღებთ, გვექნება ცუდი შედეგები. ეს არის ჩვენი ასოციაციის პოზიცია. ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ სასაუბროდ, მოწოდებებით, მაგრამ არანაირი შედეგი არა გვაქვს“, – განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

მისი თქმით, თავადაც არის ექსპერტი სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან, რომელიც ამოწმებს შეცდომებს და პაციენტების საჩივრებს.

„ჯერ ერთი, რაღაც ციფრები რომ მოვიყვანეთ, წელიწადში 69, 226. ეს უნდა ვილაპარაკოთ პროცენტებით. რამდენი პროცენტია ეს? როგორია სტატისტიკა. თუ მხოლოდ 69 ქეისია, ან 226 ქეისია? მე დავთვალე დოკუმენტში სასამართლოში შესული რაოდენობები, 147 მხოლოდ. თუ 147-ზე მეტი საჩივარი არ შესულა, ძალიან კარგად გვქონია ხომ საქმე?“ – აღნიშნა არჩილ ჩუხრუკიძემ.

არჩილ ჩუხრუკიძის ამ განცხადების შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მიმართა.

„უკაცრავად, თუ შეიძლება, ამაზე პასუხი გაეცით. იმიტომ, რომ თქვენს სფეროში, მართალი გითხრათ, უკვე ძალიან მომრავლდა ასეთი ტიპის ჩივილები, რომ ჩვენთან არაფერი შეთანხმებული არ არის. რატომ გვაყენებთ ჩვენ ამ მდგომარეობაში. თუ შეიძლება, გაგვაგებინეთ. მაშინ დამისახელეთ კონსულტაციის ფორმები, სადაც გაიმართა ეს შეხვედრა და ჩამომითვალეთ ადამიანები, ვისთანაც გაიმართა ეს კონსულტაციები. იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში რატომ გვაყენებთ, ვერ გავიგე. მერამდენედ არის ეს ამბავი. მერე შეიკრიბებით ტელევიზიაში, გამოვა მთელი ინდუსტრია და გაიძახის, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. მერე მოხვალთ ჩვენთან, რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და გაგვაგებინეთ, ან ჩვენ რას გვერჩით, ან იმ დარგს რას ერჩით. ბოლოსდაბოლოს აგვიხსენით, რაშია საქმე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

რომან კაკულია ცვლილებების განხილვის გადადების ინიციატივით გამოვიდა.

„ბიზნესასოციაცია გამოდის, იძახის, არავისთან შეთანხმებული არ არისო. ასოციაცია იძახის, არავისთან შეთანხმებული არ არის. მაშინ ჩვენ გარეშე მიიღეთ გადაწყვეტილება და დაგვანებეთ თავი. დარგობრივ კომიტეტს ვთავაზობ, რომ გადავდოთ სხდომა“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.