პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევის წესი შესაძლოა, შეიცვალოს. პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა.
კანონპროექტის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორს აირჩევს ამავე დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალი, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით.
კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით კი რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა.
კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ რექტორის ამგვარად არჩევა უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
ამასთან, პროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლს ემატება კიდევ ერთი პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ დაუშვებელი იქნება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელმძღვანელობდეს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი (რექტორი), მიუხედავად იმისა ნასამართლობა აქვს თუ არა მოხსნილი ან/და გაქარწყლებული.
„მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი აკმაყოფილებდეს მაღალ სტანდარტებს და სამაგალითო იყოს ახალგაზრდა თაობისათვის, როგორც ინტელექტუალური, ასევე მორალური თვალსაზრისით. დაუშვებლად მიგვაჩნია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი) იყოს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი“, – აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.
პროექტის ინიციატორები „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია არიან.